თინეიჯერების მშობლები წინასაახალწლოდ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან ამ პერიოდში მატულობს არასწრულწლოვნების მიერ ალკოჰოლის ჭარბად მიღების და ამასთან დაკავშირებული გართულებების რისკები. ამას კი, შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს.
ამის შესახებ ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ თინეიჯერების მშობლებს. დანარჩენმა ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაატარონ დრო, თუმცა მათაც არ აწყენდათ იმის ცოდნა, ნებისმიერი ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებასთან თამაშს რა შედეგი შეიძლება მოყვეს. ყველა მშობელმა კარგად იცის, როგორ გამოიყურება მისი შვილი ფხიზელ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობიდან ნებისმიერი გადახრა და გარკვეული ზემოქმედების ნიშნებისთვის მიკუთვნება უკვე განგაშის ზარის შემოკვრის საფუძველი უნდა გახდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ დიდი გოგოა და დიდი ბიჭია ან ძალიან ჭკვიანია და თავად გადაწყვეტს. ყველანი ჭკვიანები, ლამაზები და კარგები არიან, მაგრამ თავის დამკვიდრების ძლიერი სურვილი შესაძლოა, სხვადასხვაგვარად იყოს გამოხატული. მაგალითად, მოიხმაროს გარკვეული ნივთიერებები. საკმარისია, ერთმა მეგობარმა გარისკოს, რომელიც ლიდერის როლს ითამაშებს და მეგობრებს ეტყვის, მე გავსინჯე და იქნებ თქვენც სცადოთო.
მოზარდებისთვის ჭარბი ალკოჰოლი შესაძლოა პრობლემური იყოს, მით უფრო როცა ორგანიზმი, ფერმენტული სისტემა ალკოჰოლიზაციას შეჩეული არ არის. ყველაზე უწყინარი რამით – ღებინებითაც კი შესაძლოა პრობლემები შეიქმნას, თუ ადეკვატურად არ იქნა მოვლილი.
ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ასფიქსიით დაიღუპა ადამიანი.
როგორი დიდი ტრაგედიაა, როდესაც მოზარდი მიიღებს უწყინარ ალკოჰოლს, საწოლში დაწვება და შემდეგ ვღებულობთ ცუდ შედეგს.
ასე რომ ყურადღება ყოველთვის სჭირდება, როცა საუბარია ასეთ ასაკზე, როდესაც არ იციან როგორ მოიქცნენ,“- განაცხადა ნარკოლოგმა.
მისივე თქმით, ასევე აუცილებელია ყურადღების გამოჩენა „კლუბური ნარკოტიკის“ მოხმარების კუთხით, თუმცა გური მენაბდიშვილი ასევე აცხადებს, რომ როდესაც „კლუბურ ნარკოტიკზე“ ვსაუბრობთ, ყველა კლუბის დისკრიმინაცია გაუმართლებელია.