სახელმწიფომ დაზღვევის პაკეტში მედიკამენტებზე შეღავათები უნდა უზრუნველყოს. თბილისი (BPI) – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას მომღერალი ირმა სოხაძე გამოეხმაურა.
მისი აზრით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, ამჟამინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს არცთუ ისე მრავალრიცხოვან გამარჯვებათაგანია.
„რაც უფრო მეტი რესურსი იქნება მიმართული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და სოციალური პროგრამების ასამუშავებლად, მით უკეთესი. ძალიან კარგად მახსოვს რას აკეთებდა ოჯახის ექიმი წლების წინ.
წელიწადში ორჯერ მივდიოდი პირადად მე „ლეჩკომბინატში“ და ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულ გამოკვლევას ვიტარებდი.
თუ გეგმიური კვლევები და პრევენცია ერთგვარ წესად და თუნდაც, კულტურად იქცევა ისევ ჩვენს სახელმწიფოში, ამაზე კარგი რა უნდა იყოს.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარია, არ გაჩერდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ვსარგებლობ და ძალიან მეხმარება. ვფიქრობ, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ გაიკეთონ ანალიზები და კვლევები ჩაიტარონ თითქმის უფასოდ“, –მიაჩნია სოხაძეს.
„ვფიქრობ, რომ თუ სწორი მუშაობის წყალობით პირველადი რგოლი გაძლიერდება და მოქალაქეების ცნობიერება ამაღლდება იმ მხრივ, რომ დროულად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, მით უფრო დაიზოგება მათი როგორც ფინანსური, ისე ჯანმრთელობის რესურსი.
რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმსაც უნდა ჰქონდეს ის კვალიფიკაცია, რომ ზუსტად და მიზანმიმართულად დასვას დიაგნოზი და სწორი რეკომენდაცია გაუწიოს პაციენტს“, – ამბობს ირმა სოხაძე.
მისი აზრით, საგულისხმო საკითხია იმპორტირებული, მაღალი ხარისხის მედიკამენტების სიძვირე, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. „დღესდღეობით, სამწუხაროდ, კვლავ ბევრი სოციალურად დაუცველი და ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობს ქვეყანაში.
სახელმწიფომ როგორმე უნდა უზრუნველყოს და დაარეგულიროს ფასები მედიკამენტებზე და სამედიცინო პაკეტებშიც უნდა იყოს გატვალისწინებული მედიკამენტები.
შეიძლება ზოგმა თქვას, რომ არსებობს იაფფასიანი მედიკამენტებიც, თუმცა, როგორც წესი ისინი მკურნალობის კარგ შედეგს არ იძლევა“– აღნიშნა ირმა სოხაძემ.