ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოჩნდა. სასტუმრო „შერატონში“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე, თალაკვაძე მინისტრის გვერდით იჯდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ არჩილ თალაკვაძე სახელდება ჯანდაცვის მომავალი მინისტრობის ერთერთ კანდიდატად.
თალაკვაძემ, რომელმაც ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა 2000 წელს დაამთავრა, პირველი უმაღლესი განათლება სწორედ სამედიცინო მიმართულებით მიიღო – იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2010 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა დაასრულა. 2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.
თუმცა, ჯანდაცვის მინისტრს დღეს, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას, სავარაუდო შემცვლელი არ დაუსახელებია.
მისი თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად.
„რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძისა და ნინა კობახიძის განხილვას, არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბეგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი. ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ- ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.