ინსულტის შემთხვევებში, გამოძახებაზე პირდაპირ სპეციალიზებული ბრიგადა გავა. ამასთან, სასწრაფო დახმარების ავტოპარკში აღარ იქნება 5 წელზე უფრო ძველი მანქანები – ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ჯანდაცვის მინისტრისა და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზე აღინიშნა.
ინფორმაციაში აღნიშნულია:
„სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრმა და მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ 15 თებერვლიდან ძალაში შევა მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. ასევე აღინიშნა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.
2023 წელს დაგეგმილია: რეფერენტული ფასებით დარეგულირებული მედიკამენტების ნუსხის გაფართოება (ესენციური მედიკამენტებიდან);
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უშუალოდ მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის მექანიზმის დანერგვა; მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს C ჰეპატიტზე 590 ათასზე მეტი პირის სკრინინგია დაგეგმილი, 2026 წლისთვის კი C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია იგეგმება. ინსულტის მართვის ცალკე მიმართულების შექმნა იმისთვის, რომ ასეთი გამოძახების შემთხვევაში გამოძახებაზე პირდაპირ სპეციალიზებული ბრიგადა გავიდეს;
70 ახალი სტანდარტული სასწრაფოს მანქანის შეძენა, რის შედეგადაც ავტოპარკში აღარ იქნება 5 წელზე უფრო ძველი მანქანები; ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში, ახალქალაქში სერვისცენტრების მშენებლობა, აგრეთვე თბილისში ორი ახალი სერვისცენტრის აშენება და ამბროლაურის სერვისცენტრის რეაბილიტაცია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე გარემონტდა გადაუდებელი დახმარების 12 სერვის ცენტრი. ასევე გაუმჯობესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სადაზღვევო პაკეტი და 23 ლარიანი პაკეტის ნაცვლად მათ 60 ლარიანი პაკეტი აქვთ. დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ხულოში, ყვარელსა და წალენჯიხაში. 2022 წელს დიალიზის ცენტრები გაიხსნა ამბროლაურში, ლანჩხუთში, მესტიაში, თიანეთში და ყაზბეგში. 2023 წელს ასევე დაგეგმილია სოფლის ექიმების პროგრამაში დამატებით 50 ტელემედიცინის კაბინეტის გახსნა. ქვეყნის მასშტაბით კი 100-მდე ამბულატორიის რემონტი დაიწყება.“