რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ბინაზე მიმდინარეობს, ბავშვის კოვიდზე გატესტვა საჭირო არ არის. ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალვინა ჯავახაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ კოვიდამდე პერიოდს შევადარებთ, ახლაც ავადობის ჩვეულებრივი მიმდინარეობა გვაქვს. პედიატრის განცხადებით, ვირუსებს ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში გადაიტანს, ამიტომ მშობლების შეშფოთება უსაფუძვლოა და განსაკუთრებული არაფერი ხდება.
“პანდემიის პერიოდში სარს-კოვ-2-მა ჩაანაცვლა ყველა დანარჩენი ვირუსი, რომლებიც მანამდე იყო, და ახლა ისინი გამოჩნდნენ. მათ შორისაა რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსი, რომელიც იწვევს ბრონქიოლიტს, რაც საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე – პარაგრიპის ვირუსის რამდენიმე შტამი,“ – განაცხადა ჯავახაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე ავადობის თავისებურება ისაა, რომ ინფექციებს შორის შუალედი შემცირდა: თუ ბავშვებს ვირუსული ინფექციები უნდა გადაეტანათ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახლა, როცა რეგულაციები მოხსნილია, მათ 3-წლიანი „მიძინების“ შემდეგ გააქტიურებული ვირუსების გადატანა დროის მოკლე შუალედით უწევთ და ჯერ ერთი ინფექცია არაა დამთავრებული, როცა მეორე ეწყებათ.
„ძალიან მაღალი ალბათობით, ყველა შემთხვევაში ახალი გამომწვევია. თითქმის ყველა პაციენტისგან გვესმის, რომ გადაიტანა ერთი ინფექცია, გავიდა 2-3 დღე და ცხელება განახლდა. კოვიდამდე პერიოდში ვთვლიდით, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საქმე მეორად ბაქტერიულ გართულებასთან გვქონდა, მაგრამ თუ ყველა ჩივილს გამოვიკითხავთ და მინიმალურ სისხლის ანალიზს გავაკეთებთ, აღმოჩნდება, რომ ახალი ვირუსია. მეორე კითხვაა, ვატაროთ თუ აბა ბავშვი სკოლაში, ბაღში, ცურვაზე. წინააღმდეგი ვარ, რომ არ ვატაროთ, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ამ ვირუსს მაინც გადაიტანს. კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ რადგან ბავშვებმა კოვიდი უკვე 2-3-ჯერ გადაიტანეს, ამან მათ იმუნურ სისტემაზე იმოქმედა, რაც ხელს უწყობს დაავადების გახანგრძლივებას, ან ახალ-ახალი ვირუსების შეხვედრას,“ – განაცხადა ჯავახაძემ.
მიმდინარე სეზონზე ბავშვების ავადობის თავისებურებებს შორის ის ასევე აღნიშნავს ადენოვირუსის 2-3-ტალღიან მიმდინარეობას – პირველ ეტაპზე გვაქვს რესპირატორული სიმპტომები, მეორეზე – ნაწლავური დისფუნქცია, შემდეგ კი – გამონაყარი.
პედიატრის თქმით, უახლოეს კვირებში იწყება გრიპის სეზონი და მშობლებს შვილების ვაქცინაციას ურჩევს, რადგან გრიპის მიმდინარეობა სხვა ვირუსებთან შედარებით ყოველთვის საყურადღებოა.