საქართველოში პირველად, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქალის რძის ბანკი გაიხსნება. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, რძის ბანკი საშუალებას მოგვცემს, უკეთ იმართოს დღენაკლულ და მაღალი რისკის მქონე ახალშობილთა ჯანმრთელობა, ასევე გაიზარდოს ბუნებრივი კვების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენს საავადმყოფოში მიმდინარე პროცესებს დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის რძის ბანკების ფონდების დირექტორები, ჯილიან უივერი და ალექსანდრა ვესოლოვსკა დაესწრნენ, რომელთაც სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს,“ – აცხადებენ კლინიკაში.
დედის რძის ბანკები მსოფლიოში სპეციალიზებული ცენტრებია, რომლებიც დედის რძეს იღებენ, გადაამუშავებენ, ინახავენ და მართავენ მას. გარდა ამისა, ბანკები პასუხისმგებელნი არიან ძუძუთი კვების ხელშეწყობაზე და მხარს უჭერენ იმ დედებს, ვისაც ეს სჭირდება.
დედის რძის ბანკებშიც ხორციელდება ხარისხის აუცილებელი კონტროლი, რათა მიღებული რძე სათანადო ხარისხის იყოს. ამის გამო, აუცილებელია დონორმა დედამ გაიაროს მთელი რიგი ტესტებისა.
დონორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ მოიხმარდეს ალკოჰოლს, წამლებს, ზედმეტ კოფეინს, თამბაქოსა და მედიკამენტებს.
არ უნდა ჰქონდეს ინფექციური დაავადება, გარკვეული ქრონიკული დაავადებები.
დედის რძის შემოწირულობა ხორციელდება ნებაყოფლობით და უფასოდ. მას მიიღებენ ჩვილები, რომლებსაც ეს სამედიცინო ჩვენებით სჭირდებათ.
საქართველოში 6 თვემდე ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე ახალშობილთა მხოლოდ 20%-ია, რაც საგანგაშოდ მიიჩნევა.
რძის ბანკების აუცილებლობის შესახებ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას მედიცინის დოქტორმა ნანი ყავლაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რაოდენობა რომ გაიზარდოს, მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, აუცილებელია ბუნებრივი კვების პოპულარიზაცია და ადვოკატირება, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაზრდა, ხელოვნური საკვების შემომტანი და დისტრიბუტორი კომპანიების მუშაობაზე მონიტორინგის გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში პატრონაჟის სისტემის აღდგენა, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მოხმარებაზე კონტროლის დაწესება, ასევე ეროვნული რძის ბანკის შექმნა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი კვების მიმართ ყურადღება მოდუნდა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბალანსი დაირღვა. მისივე თქმით, ერთობლივი, აქტიური მუშაობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ბუნებრივი კვების მიმართ მიდგომები შეიცვალოს და „სამინისტრო ამისათვის ყველაფერს გააკეთებს“.