იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების მართვის მიზნით გაერთიანდნენ და თავიანთ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლებში“ აცხადებენ.
მათი განმარტებით, კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის სპეციალური მიმართულება უზრუნველყოფს ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგსა და შესაბამის მკურნალობას იმ არასრულწლოვანი პაციენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.
„კოვიდგადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს და ხშირად აერთიანებს როგორც პედიატრს, ისე ბავშვთა ინფექციური დაავადებების ექიმს, ბავშვთა კარდიორევმატოლოგს, რეანიმატოლოგს, ნევროლოგს, ჰემატოლოგსა და ბავშვთა ნეფროლოგს. მ.იაშვილისა და ი. ციციშვილის კლინიკებში შემუშავებულია კონსულტაციებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების სპეციალური პაკეტი იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) მწვავე კოვიდი, ან მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. არსებული შეთავაზება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის პაკეტით ან პირდაპირ მიმართოს გადამზადებულ პედიატრს, რომელიც თავად განსაზღვრავს აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩამონათვალს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტ კოვიდცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ“, – აცხადებენ „ევექსი ჰოსპიტლებში“.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრები მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.
„ევექსის ჰოსპიტალური ქსელი“ 5 მაისამდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს.