ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის ამბულატორიის სოფლის ექიმი ნინო მახათაძე ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმიანება და ამ რგოლის მნიშვნელობასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის ამ სეგმენტშია.
„პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის სისტემის კარიბჭე, რომელთანაც პაციენტს აქვს პირველი შეხება. დიდი ხანია პირველად რგოლში ვმუშაობ. პაციენტი პირველად მოდის ჩემთან. გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ მე ვაძლევ მიმართულებას, საით წავიდეს. საქართველოში ამჟამად მკურნალობა ძვირი ჯდება, რადგან პაციენტი მკურნალობს თავად, ან ოჯახის ექიმის გვერდის ავლით მიდის პირდაპირ სტაციონარში.
პრევენციული, პროფილაქტიკური მედიცინა არ არის ჩვენთან განვითარებული. ამ რგოლს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა და შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვა იქ გაცილებით იაფი ჯდება. იაფია დაავადების პროფილაქტიკა და არა მისი მკურნალობა. სწორედ ამიტომ აქვს პირველად ჯანდაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ნინო მახათაძემ.
მისივე აზრით, გეოგრეფიული ხელმისაწვდომობა ნაწილობრივ განსაზღვრავს მკურნალობის წარმატებულობას და ოჯახის ექიმი უნდა მართავდეს დაავადებას, რათა შედეგი უკეთესი იყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი რგოლის ექიმის მიერ დანიშნული გამოკვლევები კეთდებოდეს რაიონული, ადგილობრივი მასშტაბით და არ იყოს საჭირო წასვლა სხვა ქალაქში, რადგან ამის საშუალება ყველას არ გააჩნია. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია უკუკავშირი, რაშიც იგულისხმება, რომ ოჯახის ექიმთან უნდა დაბრუნდეს პაციენტი გამოკვლევების შემდეგ, რათა მან შეძლოს დაავადების მართვა“, – მიიჩნევს ნინო მახათაძე.
ნინო მახათაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციებზე საუბრობს და თვლის, რომ იგი მეტად ხარჯეფექტურია:
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციებში შედის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენა, დაავადების რისკის შეფასება და მართვა ისე, რომ დაავადება თავიდან იქნას აცილებული. ამიტომ პირველად ჯანდაცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ რგოლის განვითარების შემთხვევაში, ჯანდაცვაში გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება, ვიდრე დღეს იხარჯება“, – აღნიშნა მან.
მახათაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სოფლის ექიმების უმრავლესობას აწუხებს.
„ჩვენ, სოფლის ექიმებს, გვაქვს სერიოზული პრობლემა. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ ფიზიკური პირები, რომელთაც გვერიცხება თანხა და ამ თანხიდან უნდა მოვახდინოთ როგორც კომუნალური, ასევე საკანცელარიო, პირველადი მოხმარების წამლების, სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა და დარჩენილი თანხა, რომელიც გაურკვეველია, არის ჩვენი ანაზღაურება. თუ სახელმწიფო ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებს, ეს ძალიან წაადგება სოფლად პირველად რგოლში დასაქმებულ ექიმებს და ექთნებს“, – განაცხადა მან.