პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის სისტემაში. პირველად ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელს გახდის, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს დაჭირდეს ჰოსპიტალიზაცია და სხვა სახის მაღალტექნოლოგიური, შესაბამისად, ძვირად ღირებული ჩარევები.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხიჩინაშვილი პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბრობს. მისი აზრით, ჯანდაცვის ამჟამინდელ პრობლემას წარმოადგენს წამლის სრულიად არაეფექტური მოხმარება, რისი შედეგიც წამალზე ეროვნული დანახარჯის დიდი ოდენობაა.
“წამლის წილი საერთო ეროვნულ ჯანდაცვით დანახარჯებში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ძალიან მაღალია. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის დეფიციტს კარგად აჩვენებს გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებების არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი. მდგომარეობა იქამდე მიდის ხოლმე, რომ ადამიანი საავადმყოფოში ხშირად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით ხვდება“,- აცხადებს ხეჩინაშვილი.
კითხვაზე, რა ხარვეზებს მივყავართ აქამდე, ამბობს, რომ ამის უპერველესი გამომწვევი მიზეზი სწორედ პირველადი ჯანდაცვის გაუმართავი მუშაობაა.
„იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ კუთხით გაატარებს ღონისძიებებს, რომ ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი შეიცვალოს – წამალი უნდა იყოს გამოყენებული უფრო ეფექტურად და გეგმიური ვიზიტების ხარჯზე უნდა იკლოს გადაუდებელმა ჰოსპიტალურმა მომსახურებამ“, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.