2023 წელი, შესაძლოა, პანდემიის ბოლო წელი იყოს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა და არგუმენტად ომიკრონის ბოლო მუტაციის მაღალი გავრცელება მოიყვანა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შესაძლოა შემთხვევების სერიოზული მატება გამოიწვიოს, მოლოდინი იმისა, რომ 2023 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი, არის ძალიან დიდი,“ – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, მარტში შესაძლოა იყოს შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების ფაქტების ზრდას.
ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების კუთხით თებერვალი და მარტი გამორჩეული პერიოდი იქნება.
ამასთან, მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში პირველადაა, როცა შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება გრიპის შემთხვევებს, პარალელურად გრძელდება სეზონური ვირუსების მატებაც.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, წელს, პირველად 2019 წლის შემდეგ, გრიპის მისთვის ჩვეულ პერიოდში წარიმართება და თებერვალ-მარტში გააქტიურდება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების მოხსნის შემდეგ, გრიპის შემთხვევები ქვეყანაში ზაფხულის განმავლობაშიც ფიქსირდებოდა.
სეზონური ვირუსების ზრდის მოლოდინი აქვს ქუთაისში მდებარე „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელ ედიშერ ასათიანს. მისი თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების ტალღა, რომლითაც 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერი და მიმდინარე წლის იანვარი ხასიათდებოდა, უკვე ჩავლილია, თუმცა მატების მოლოდინი არსებობს.
მედიკოსის თქმით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პედიატრიულ
დეპარტამენტში 0 წლიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების მომართვიანობა მაღალი იყო. სიმპტომები, რომლითაც პაციენტები კლინიკაში მოდიოდნენ, შემდეგი იყო: მაღალი ტემპერატურა, ხველა, გულისრევა, ღებინება.
“ამ დროისთვის ვითარება დასტაბილურდა, თუმცა გვაქვს ისევ მატების მოლოდინი, რაც საზოგადოების მობილობასთან და კონტაქტებთან არის დაკავშირებული. მშობლები უნდა იყვნენ ყურადღებით და უფრო ხშირად გამოიყენონ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებს, რომ არ გამორჩეთ სეზონური ვირუსებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები,”- განაცხადა ედიშერ ასათიანმა.