გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა. ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა ამ მომსახურებით კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ისარგებლონ.
თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საქართველოს ყველა მოქალაქეს, შემდეგი პროცენტულობით უფინანსდება – 18 წლამდე პირებს 100% -ით, პენსიონერებს 90%-ით, მიზნობრივებს- 100%- ით, სხვა დანარჩენს – 70%- ით.
თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს – კათეტერიზაცია (2065-დან 10406 – ლარამდე ) და ქირურგია (7331-დან – 47720-ლარამდე).
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, პაციენტი ნებისმიერი სხვა გადასახადიდან თავისუფალია და მას მხოლოდ დადგენილი ტარიფის თანაგადახდა უწევს.
„პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვაში გადმოტანა უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის დაფინანსებას და არ იქნება საჭირო კომისიური განხილვები,“ – განმარტა ადამიამ.
მისი ინფორმაციით, წლის განმავლობაში რეფერალური პროგრამის ფარგლებში 700-მდე ასეთი ოპერაცია ფინანსდებოდა, რაშიც 9 მილიონამდე იხარჯებოდა, ცვლილების შედეგად კი, რომელიც ივნისში განხორციელდა, უკვე 125-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა და 2 მილიონამდე თანხა დაიხარჯა.