მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გრიპის ვაქცინის გაკეთების ვადები არ შეიცვლება – სპეციალისტები სეზონური ვირუსების კლებაზე საუბრობენ

გრიპის ვაქცინის გაკეთების ვადები არ შეიცვლება – სპეციალისტები სეზონური ვირუსების კლებაზე საუბრობენ

რესპირაციული ვირუსების აქტიურობა შესუსტებულია და ივლისის ბოლოსთვის მათი ცირკულაცია, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სეზონური ვირუსებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკით მიმართვიანობა ბოლო პერიოდში შემცირებულია. რაც შეეხება იმას, ვირუსების სეზონის გახანგრძლივების გამო შესაძლოა თუ არა, გრიპის ვაქცინაციის ვადებმა გადაიწიოს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება არ განიხილება, რადგან ვირუსების გახანგრძლივება, რაც წელს მოხდა, გამონაკლისია და მომდევნო წლიდან ინფექციები მათთვის დამახასიათებელ სეზონურობას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ რესპირაციული ვირუსები, რომლებიც გვიანი შემოდგომისა და ზამთრისთვისაა დამახასიათებელი, წელს უჩვეულოდ გახანგრძლივდა და ივლისშიც ისეთივე აქტიურობით გამოირჩეოდა, როგორც ჩვეულ სეზონზე.

აღნიშნულის მიზეზებს სპეციალისტები იმით ხსნიან, რომ პანდემიის აქტიური ფაზის დროს მოქმედი რეგულაციების გამო ამ ვირუსების გავრცელება შემცირდა და გასულ წელს ფაქტობრივად ნულამდე დავიდა, თუმცა რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რაც წლის დასაწყისში მოხდა, ისინი გააქტიურდნენ.

ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მიმდინარე წელი გამონაკლისია და გაისად სეზონური ვირუსების არასეზონური გავრცელება აღარ გვექნება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაციის ვადებიც არ შეიცვლება. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვაქცინაციის საუკეთესო ვადად ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისი ითვლება. მისი მოქმედების ხანგრძლივობად კი 6 თვე განისაზღვრება.

სეზონური ინფექციების შემცირებას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკაც, რომლის თანახმად, გასული კვირის მონაცემებით, 100 სულ მოსახლეზე 194 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 300-ს აღწევდა.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …