დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეკემბრის ბოლოს წინა კვირის მონაცემებით, სეზონურ ინფექციებს შორის ძირითადი მოცირკულირე გრიპის ვირუსია, რომლის ჯამური რაოდენობა გავრცელებულ ინფექციებს შორის 50%-ს შეადგენს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასახელებულ პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით მცირე მატებაა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან პიკი იანვარშია ნავარაუდევი.
ჩხაიძის შეფასებით, გრიპის გავრცელება მაღალ ნიშნულზეა, მის სახეობებს შორის კი ყველაზე აქტიურია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33%-ს შეადგენს.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ვირუსების გავრცელების კუთხით იანვარი იქნება აქტიური და თებერვლიდან უნდა აღინიშნოს შემთხვევების კლება. მარტ-აპრილში კი მინიმალური რაოდენობა უნდა დაფიქსირდეს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხული, 2022 წლისგან განსხვავებით, გრიპისგან თავისუფალი უნდა იყოს.
მისივე განცხადებით, პედიატრიულ სტაციონარებში მიმართვიანობის პიკი დეკემბრის დასაწყისში იყო, ახლა კი იმ ფარგლებშია, რაც ამ სეზონს ახასიათებს, ამიტომ, როგორც ჩხაიძე ამბობს, სტაციონარიზაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქმნება და ყველა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ სერვისს შეუფერხებლად იღებს.
რაც შეეხება კორონავირუსს, იაშვილის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ვირუსების ჯამურ რაოდენობაში კორონავირუსის წილი დაახლოებით 10 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არ გამქრალა და ის შესაძლებელია, სეზონური ვირუსი გახდეს.
„შესაძლოა, წელს ჯანმოსგან მოვისმინოთ პანდემიის დასასრულის შესახებ, თუმცა კორონავირუსი არ გაქრება. ის იცირკულირებს და შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით ისევე როგორც რისკის ჯგუფებში ვებრძვით ვაქცინაციის საშუალებით. შესაძლოა პირველად ვთქვათ რომ კორონავირუსი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო ერთერთი და არა წამყვანი ვირუსი. ახლა კი გრიპი 5-ჯერ მეტია კორონავირუსთან შედარებით,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
jandacva.ge