უქმნის თუ არა თქვენი სამუშაო პირობები საფრთხეს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს? თუ თქვენ კვირაში 55 საათის ან მეტი დროის განმავლობაში მუშაობთ, რამდენჯერმე მომატებული რისკის ქვეშ ხართ, გულის იშემიური დაავადება ან ინსულტი განგივითარდეთ. ასეთია კვლევის შედეგები, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
2016 წელს ხანგრძლივი სამუშაო დღე 745 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. მათი გარდაცვალება ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების შედეგად დადგა. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საკუთარი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე ავრცელებს, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა.
ჯანმო აღნიშნავს, რომ ეს მონაცემი 2000 წელთან შედარებით 29%-ით მაღალია.
ამ ორმა ორგანიზაციამ სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის თემაზე გლობალური ანალიზი პირველად წარმოადგინა და დათვალა, რომ 2016 წელს ინსულტით 398 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 347 ათასი კი გულის დაავადებებით. ეს ადამიანები კვირაში მინიმუმ 55 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 2000-დან 2016 წლამდე პერიოდში ხანგრძლივი სამუშაო დღის გამო გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობა 42%-ით გაიზარდა, იგივე ფაქტორთან კავშირის გამო, ინსულტის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკა კი 19%-ითაა მომატებული.
პრობლემა უფრო ხშირია მამაკაცებში (გარდაცვალების შემთხვევათა 72%), გეოგრაფიულად კი რისკის ზონაა წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთი ნაწილი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. გარდაცვლილთა უმეტესობა საშუალო და ხანდაზმული ასაკისაა. გარდაცვალების უმრავლესობა დაფიქსირდა 60-79 წლის ასაკში და ეს არიან ადამიანები, რომლებიც 45 წლიდან 74 ასაკამდე პერიოდში კვირაში სულ მცირე 55 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
კვლევის ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ კვირაში 55 საათის განმავლობაში და მეტი დროით მუშაობა ინსულტის რისკს 35%-ით, გულის იშემიური დაავადების საფრთხეს კი 17%-ით ზრდის კვირაში 35-40 საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანებთან შედარებით.
ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანების რაოდენობა იზრდება და ამ ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობის 9%-ს შეადგენს. ასეთი ტენდენციის პირობებში ადამიანები შრომისუნარიანობის დაკარგვის და ადრეული გარდაცვალების სულ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგებიან.
ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდპანდემიის პირობებში, ბევრ სფეროში დისტანციური მუშაობა ნორმად იქცა, შედეგად კი, არაერთ შემთხვევაში სახლსა და სამსახურს შორის საზღვრები წაიშალა. გარდა ამისა, ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეეჩერებინა სამუშაო პროცესი, რათა ფული დაეზოგა, ადამიანებს კი, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ ხელფასს, უფრო დიდხანს უწევთ მუშაობა.
„არანაირი სამსახური არ ღირს ინსულტის ან გულის შეტევის რისკად. მთავრობამ, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა და შეათანხმონ გარკვეული შეზღუდვები, რათა ადამიანების ჯანმრთელობა დაიცვან,“ – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანმოში აცხადებენ, რომ, მთავრობებს შეუძლიათ შემოიღონ კანონები და წესები, რომლებიც კრძალავენ ზეგანაკვეთურ შრომას და ზღუდავენ სამუშაო დროის ხანგრძლივობას. გარდა ამისა, შესაძლოა გაფორმდეს ორმხრივი კოლექტიური შეთანხმებები დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს შორის მოქნილი სამუშაო საათების დანერგვის მიზნით, რათა სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 55 საათზე მეტი არ იყოს.