მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გია დეისაძე: მნიშვნელოვანია, პაციენტს არ შეეზღუდოს პირველადი დახმარება
ჯანდაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს არ შეეზღუდოს პირველადი დახმარება. როგორც წესი, იგი დაგვიანებით მიდის ექიმთან, მისი მდგომარეობა მძიმდება.

გია დეისაძე: მნიშვნელოვანია, პაციენტს არ შეეზღუდოს პირველადი დახმარება

ჯანდაცვის სფეროს რეფორმას ჯანდაცვის სამინისტრო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ახორციელებს.

რეფორმა გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფარმაცევტული ბაზრის GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურებაზე ტერიტორიული წვდომის სირთულე  და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

ინფექციონისტი გია დეისაძე გვესაუბრა ჯანდაცვის სფეროს პრობლემურ საკითხებზე:

„ჯანდაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს არ შეეზღუდოს პირველადი დახმარება. როგორც წესი, იგი დაგვიანებით მიდის ექიმთან, მისი მდგომარეობა მძიმდება და მერე პირდაპირ ხვდება კლინიკაში. ეს არა მხოლოდ პაციენტის პირად ხარჯებს, არამედ, ჯანდაცვის და დაზღვევის ხარჯებსაც ზრდის.

პირველ რგოლში უნდა არსებობდეს დაავადების დროული აღმოჩენის შესაძლებლობა. სტაციონარში უკვე ძვირია მკურნალობაც და გამოკვლევაც, ამიტომ დიაგნოზის დასმის და მკურნალობის პრობლემა პირველ ეტაპზე უნდა მოგვარდეს“.

გია დეისაძემ პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რასაც, მისი აზრით, ამბულატორიული სექტორის განვითარება გამოიწვევს:

„პაციენტს გაცილებით ადვილად მიუწვდება ხელი ოჯახის ექიმთან ვიზიტზე, ვიდრე მესამე-მეოთხე დონის კლინიკებზე. გარდა ამისა, მედიკამენტები ძალიან ძვირია და მკურნალობის სრული კურსის ჩატარებაც ჭირს. იქნებ მოხერხდეს იაფი მედიკამენტების შემოტანა. აშშ-ს პრაქტიკა შესანიშნავია, აფთიაქებში იქვე აფასოებენ ნებისმიერი დონის პრეპარატს. ფარმაცევტული ფირმის მიერ დაფასოებული მედიკამენტი უფრო ძვირია. აშშ-ს ეს პრაქტიკა ჩვენთანაც უნდა წახალისდეს, იმ პირობით, რომ ხარისხი გარანტირებული იქნება“.

გია დეისაძემ ჯანდაცვის სექტორში არსებულ პრობლემებს შორის  ექიმთა სამუშაო პირობები დაასახელა. მისი აზრით, ექიმთა ანაზღაურება პაციენტთა რაოდენობით არ უნდა განისაზღვრებოდეს: 

„ექიმს არ უნდა ჰქონდეს პაციენტის მიღების დროზე შეზღუდვა. ზოგ პაციენტს 15 წუთი სჭირდება, ზოგს ნახევარი საათი, გააჩნია სიმძიმეს. როდესაც ექიმს მოსთხოვ, საათში მიიღოს 10 პაციენტი, იქ ხარისხზე ვეღარ ილაპარაკებ. ექიმის ანაზღაურებაც იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რამდენ პაციენტს მიიღებს, არამედ, უნდა განისაზღვროს დროის მიხედვით. ექიმს უნდა ჰქონდეს დაფიქრების საშუალება, უნდა ჰქონდეს სწავლის შანსი, რომ გაიზარდოს. ექიმს  ისეთი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ არ იფიქროს, ოჯახში რა მიიტანოს.“

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …