მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ღამის საათებში მომუშავეებს შეუძლიათ დამსაქმებლის ხარჯზე სამედიცინო კვლევები ჩაიტარონ – მინისტრის ბრძანება

ღამის საათებში მომუშავეებს შეუძლიათ დამსაქმებლის ხარჯზე სამედიცინო კვლევები ჩაიტარონ – მინისტრის ბრძანება

დამსაქმებლები ვალდებულნი ხდებიან, ღამის საათებში მომუშავე დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ მისი სამედიცინო შემოწმება როგორც დასაქმებამდე, ისე დასაქმების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით კი 6 თვეში ერთხელ.

აღნიშნულს  ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც,  ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი არის ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში, ჩვეულებრივ, მუშაობს არანაკლებ 3 საათს; ან წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში.

ბრძანების თანახმად, წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა ღამის  სამუშაოსათვის, ანუ იმ დაავადებების თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია. წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების  სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით.

ბრძანების თანახმად, პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.

პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითადი მიზანია პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად.

სამედიცინო დაწესებულება აფასებს, აქვს თუ არა უარყოფითი გავლენა ღამის მუშაობას დასაქმებულის ჯანმრთელობაზე; აცნობს მიღებულ შედეგებს დამსაქმებელს და დასაქმებულს სამედიცინო საიდუმლოს დაცვის პრინციპის გათვალისწინებით.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულის სამედიცინო შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს  რისკები, რომლებიც უკავშირდება: იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც განაპირობებს ინფექციური დაავადებებით ხშირად ავადობას; სიმსივნური პათოლოგიების მატებას, რაც ასევე ასოცირდება იმუნური მექანიზმების უკმარისობასთან; ინსულინის წარმოქმნის დაქვეითებას, რაც იწვევს მადის მომატებას და შედეგად, ჭარბი წონის პრობლემას; გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატებას (ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, სტენოკარდია); ღამის სამუშაოების გახანგრძლივებით გამოწვეულ სხვადასხვა ჰორმონალურ დარღვევებს, რაც გამოიხატება ნეირო-ფსიქიატრიული დარღვევებით: გუნება-განწყობილების გაუარესება, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების დონის შემცირება და სხვა კოგნიტური დარღვევები.

წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები ტარდება შემდეგი მიმართულებებით:  „შინაგანი მედიცინა“ ან „საოჯახო მედიცინა“;  „კარდიოლოგია“; „ნევროლოგია“;„ოფთალმოლოგია“;„ოტორინოლარინგოლოგია“. გათვალისწინებულია შემდეგი კლინიკო-ლაბორატორული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი; კოაგულოგრამა; ელექტროკარდიოგრაფია; გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;  მხედველობის სიმახვილის შემოწმება; აუდიომეტრია.

ცნობისთვის:  შრომის კოდექსის 28-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად,

ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება სამედიცინო კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით. ამ სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობა და ფარგლები კი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომელიც დღეს შევიდა ძალაში.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …