ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, რომელიც მრავალპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა და 0-დან 18 წლამდე პაციენტებს მართავს, გაზრდილი დატვირთვითა და მომართვიანობით განაგრძობს ფუნქციონირებას.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჰოსპიტალში გამოიყო დამატებითი საწოლფონდი, გაიზარდა მედპერსონალის რაოდენობა და დაწესდა მორიგეობის საგანგებო რეჟიმი.
კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, სამედიცინო მომსახურებასა და პერსონალზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ადმინისტრაციამ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობით შეძლო.
„ბოლო 2 თვე ჩვენი კლინიკისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ასევე, საგრძნობლად გაიზარდა მომართვიანობა ისეთი რთული სამედიცინო შემთხვევების კუთხით, სადაც პოლიპროფილური მიდგომაა საჭირო (ავტოსაგზაო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, უცხო სხეული სასუნთქ გზებსა და საყლაპავში, თავის ტვინის სიმსივნეები, ნეიროქირურგიული ოპერაციები და სხვა). სწორედ ამ ფონზე ჩვენს მედპერსონალსა და ადმინისტრაციას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა და მინდა თამამად აღვნიშნო, რომ ამ პასუხისმგებლობას შესანიშნავად გაართვა თავი,“ – აცხადებს კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი.
მისი ინფორმაციით, ურთულესი ქირურგიული ოპერაციები პედიატრიულ სეგმენტში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმების გუნდთან თანამშრომლობით განხორციელდა. მოეწყო შესაბამისი სამედიცინო სივრცეები და განყოფილებები დამატებითი სერვისების მისაწოდებლად. მათ შორის, შეიქმნა კიდევ ერთი საოპერაციო ბლოკი. მობილიზდა დამატებითი საწოლფონდიც და მედპერსონალი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შედეგად, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიღებულ პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 57%-ით გაიზარდა.