გაგუას კლინიკაში უკრაინიდან ლტოლვილმა ქალმა იმშობიარა. ხერსონელმა ლუდმილა სმოლინამ გოგონა გუშინ გააჩინა. სმოლინას თქმით, მან სამშობლო 4 აპრილს დატოვა. ხერსონის ოკუპაციის დღეების გახსენებისას ამბობს, რომ იყო პანიკა და ვერ აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა. შემდეგ, როდესაც რუსი სამხედროები ქალაქში შევიდნენ, საკუთარი პირობები დააყენეს, ამტვრევდნენ კარებს, ძალით მიჰყავდათ მამაკაცები,რომ მთ რუსეთის მხარეს ეომათ.
სმოლინა ყვება, რომ ის საპროტესტო აქციებზე დადიოდა, სადაც ადამიანები აფიქსირებდნენ, რომ არიან უკრაინა და არ აპირებენ ქალაქის ჩაბარებას. ყვება, რომ ქალაქში მედიკამენტები არ იყო, სამშობიარო სახლები კი დაცარიელდა.
უფროს შვილთან ერთად სამშობლო 4 აპრილს დატოვა და საქართველოში ყირიმის გავლით წამოვიდა, რადგან უკვე მშობიარობა უწევდა.
„ქართველები ძალიან თბილად შეგვხვდნენ, ძალიან მადლობლები ვართ თქვენი ქვეყნის. დროებითი საცხოვრებელიც გამოგვიყვეს,“ – ამბობს ლუდმილა სმოლინა.
ქვეყნის მასშტაბით, უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო მომსახურებას უფასოდ, იმ კლინიკებში იღებენ, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. სახელმწიფო მათთვის სხვადასხვა სერვისს სრულად აფინანსებს. გაგუას კლინიკამ უკვე 20-მდე უკრაინელი ორსული მიიღო, მათი ნაწილი ქვეყანაში ომამდე, ნაწილი კი ომის შემდეგ ჩამოვიდა.
საქართველოში მოქმედ კლინიკებში უფასო კონსულტაციისა და მკურნალობის მიღება იმ უკრაინელებს შეუძლიათ, რომლებიც ქვეყანაში 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. სოლიდარობის აქტს შეუერთდნენ საქართველოში მოქმედი კერძო კლინიკები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს უსასყიდლოდ სთავაზობენ.
საჭირო სამედიცინო სერვისების მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 15 05- ზე უნდა დარეკონ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ კლინიკას მიმართონ, წარადგინონ უკრაინის მოქალაქის პასპორტი და სახელმწიფო სისტემა მათი მკურნალობის ხარჯებს ავტომატურად დაფარავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებით უკვე უკრაინის 50-მდე მოქალაქემ ისარგებლა.