„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია.
ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა.
საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც.
აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-რთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.
მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: ბოლო კვირებში ვრცელდება ინფორმაცია,რ ომ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, შესაძლოა, ორი წლით გადავადდეს.
კერძოდ, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ამკრძალავი ნორმა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრიდან შედის, სავარაუდოდ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდება.
ვადის გადაწევასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ისკო დასენმა განაცხადა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება კონფლიქტის პირველივე დღეებიდან შეუძლებელი გახდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა. აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“, – განაცხადა ისკო დასენმა.
შესაბამისად, კანონპროექტით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა.