მუდმივი გადამზადება, უწყვეტი განათლება და ტრენინგები ექიმებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, პრიორიტეტად გამოაცხადა.
რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო და მასში ჩართულნი არიან როგორც სამინისტროს, ასევე, პირველადი რგოლის ექიმები.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმას დროულად მიიჩნევს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნანა მგალობლიშვილი. მისი აზრით, პირველადი ჯანდაცვის რგოლი უმნიშვნელოვანესია, როგორც პრევენციის კუთხით, ასევე, იმ მხრივ, რომ უკვე არსებული დაავადება ზედმეტად აღარ გართულდეს.
“კვალიფიციური ოჯახის ექიმი იღებს პაციენტს, სწავლობს მის მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გადაამისამართებს ვიწრო სპეციალისტთან“,– განაცხადა ნანა მგალობლიშვილმა.
მან პრობლემებსა და რეფორმის დაგეგმარებისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზეც ისაუბრა.
„მე არ ვთვლი, რომ პირველად ჯანდაცვაში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაა, თუმცა, რაც მეტი იქნება ასეთი, მხოლოდ უკეთესია. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი გადამზადება, უწყვეტი განათლება და ტრენინგები ექიმებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სპეციალისტების მუდმივად განვითარებას. რაც შეეხება ბაზებს, კარგი იქნება, თუ მეტი კლინიკა იარსებებს სახელმწიფო ბალანსზე. აუცილებელია გარკვეული ბალანსი, კერძოსა და სახელმწიფოს შორის, რათა პაციენტს არჩევანის საშუალება ჰქონდეს“, – აღნიშნა ნანა მგალობლიშვილმა.