საქართველოში ზრდასრულთა დაახლოებით 17% ვერ აკმაყოფილებს დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული საკმარისი ფიზიკურ აქტივობის დონეს, ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო დაბალია ბავშვებსა და მოზარდებში. ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით მუშაობს ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნულ სტრატეგიაზე.
WHO-ს „ფიზიკური აქტივობის საინფორმაციო ბიულეტენი 2022: საქართველო“ მიმოიხილავს პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და რომელიც საფუძვლად დაედება ეროვნულ სამოქმედო გეგმას.
ჯანმო ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობას შეუძლია ადამიანები ისეთი არაგადამდები დაავადებების (აგდ) განვითარებისაგან დაიცვას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
გარდა ამისა, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ზრდის ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარების რისკს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის რეგიონში სიკვდილიანობის 90% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, ფიზიკური აქტივობის ზრდა ყველა სოციალურ ჯგუფში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა კრემლინ ვიკრამასინგემ, ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა.
„ეს შეიძლება ნებისმიერი სახის აქტივობა იყოს – პარკში გასეირნება, თუ სახლში ბავშვებთან აქტიური თამაში, მოძრაობის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ნებისმიერ ასაკში”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად WHO-ს არაგადამდებ დაავადებათა ოფისმა მოამზადა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ეფუძნება ჯანმოს უახლეს მონაცემებს. იგი ხაზს უსვამს საქართველოში მიღებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან ზომას ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლების მიზნით:
სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სავარჯიშო საშუალებების ხელმისაწვდომობის ზრდა;
ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სკოლებში: სავალდებულო გაკვეთილების ორგანიზება და სხვადასხვა სკოლისშემდგომი ღონისძიებები;
ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ურბანული დიზაინის გამოყენება რეკრეაციული ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშეწყობისთვის;
ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილზე;
ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის გარდა, ფიზიკურ აქტივობას დამატებითი სარგებელი მოაქვს წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების, სუფთა ჰაერისა და უსაფრთხო გზების სახით. მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლების ზრდა იწვევს პროდუქტიულობისა და აკადემიური მიღწევების ზრდას, სოციალურ ინტეგრაციას და სოციალური იზოლაციის შემცირებას. ის ხელს უწყობს ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტების მოზიდვას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ინდივიდის, საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით დააფუძნა ფიზიკური აქტივობის მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გააერთიანა ექსპერტები, დაინტერესებული მხარეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც იკვლევენ ყველაზე ეფექტურ ზომებს, რათა ფიზიკური აქტივობა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციონ.
სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო 2022 წლის ივლისში არაგადამდებ დაავადებათა მაღალი დონის ეროვნულ დიალოგზე და განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის დეკემბერში.
„საქართველომ უკვე წამოიწყო ინიციატივების სერია სხვადასხვა სექტორში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით. ეს მყარი საფუძველია სრული ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ქართული ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის პოზიტიური მამოძრავებელი ძალა გახდება. ძალიან ამაღელვებელია იყო ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.
WHO-ს 2020-2025 წლების ევროპული სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი მიზანია ფიზიკური აქტივობა ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციოს. პროგრამა ხელს უწყობს ქმედებებს ჯანმრთელობისთვის გასაუმჯობესებლად ჯანმოს ევროპის რეგიონში.