საქართველოში ტურიზმი სხვადასხვა მიმართულებით კარგად ვითარდება, თუმცა ერთერთი სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, არის ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმი.
ამის შესახებ ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორმა კახა ღვინიანიძემ არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნული პაკეტის შემუშავება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი .
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არაგადამდები დაავადებები მთლიანი სიკვდილიანობის 94%-ზე მეტის გამომწვევი მიზეზია. მხოლოდ ოთხი არაგადამდები დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი 3,000,000,000 ლარს შეადგენს. ეს არაგადამდები დაავადებებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
ეს თანხა კი, კახა ღვინიანიძის თქმით, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მომავალი
15 წლის განმავლობაში ქვეყანამ თავიდან აიცილოს ათიათასობით დაავადების შემთხვევა და მათი მკურნალობის ხარჯები, ასევე გადაარჩინოს 28 ათასი ადამიანის სიცოცხლე.
მისი თქმით, დაავადების ტვირთში იგულისხმება არა მხოლოდ მკურნალობის ხარჯები, არამედ სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი, ასევე პროდუქტიულობის დაკარგვა, როცა ადამიანი ავადაა და ვერ მუშაობს.
ამასთან, კახა ღვინიანიძის განმარტებით, არაგადამდები დაავადებების გადავადება ან თავიდან აცილება შესაძლებელია.
ამისთვის კი აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რაც ასევე უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ალკოჰოლის მოხმარების რეგულირება, თამბაქოს კონტროლი, კლინიკური ინტერვენციები, როგორებიცაა ქოლესტერინის მართვა, სისხლში გლუკოზის კონტროლი, სხვადასხვა სკრინინგული ღონისძიებები, მწვანე სივრცეების გაზრდა.
ერთერთი პრიორიტეტია მარილის მოხმარების შემცირება, რადგან ამ პროდუქტის გადაჭარბებით მოხმარება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, რაც საქართველოში ნომერ პირველი მკვლელია და მასზე გარდაცვალებების 40% მოდის.
მარილის მოხმარების შემცირება კი, კახა ღვინიანიძის განცხადებით, შესაძლებელია მოსახლეობასთან კომუნიიკაციის გზითა და მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით.
სპეციალისტის განმარტებით, მარილის მაქსიმალური დღიური ნორმა, ჯანმოს სტანდარტით, 5 გრამია, საქართველოში კი სხვადასხვა კვლევით ეს მონაცემი 8,5 გრამს აღწევს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ რეალური მონაცემი უფრო მაღალია.
ასევე არსებობს მიდგომები, როგორ შეიძლება საკვებში იგივე ხარისხი და გემო შეინარჩუნო მარილის მაგივრად სხვა ტიპის მარილის ან ჩამნაცვლებლის გამოყენებით.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, კახა ღვინიანიძის თქმით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე ცხოვრების უმოძრაო წესით ცხოვრობს, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნისა და სხვა პრობლემების გამომწვევი ფაქტორია.
იგი ყურადღებას ამახვილებს ტურიზმზეც, კერძოდ იმაზე, რომ ქვეყანაში სათანადოდ არ ექცევა შიდა ტურიზმის ისეთ მიმართულებებს, რომლებიც ორიენტირებულია ფიზიკურ აქტივობაზე. ამ მიმართულებით კი სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი.
„საქართველოში ადამიანებისთვის დასვენება ასოცირდება ნაკლებ მოძრაობასთან. არ ან ნაკლებად ვიყენებთ უამრავ საფეხმავლო მარშრუტს. პრობლემაა ისიც, რომ ასოცირებული ინფრასტრუქტურაც სუსტია. იგულისხმება საცხენოსნო და სხვა მრავალი როგორც ქალაქების ირგვლივ, ისე რეგიონებში. ჩვენს ტურიზმს განვითარების ბევრი კარგი მიმართულება აქვს, თუმცა ერთერთი სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, არის ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმი,“ – აღნიშნა კახა ღვინიანიძემ.