მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ევექსი“ სისხლის დონორებს სთხოვს, უკრაინელების დახმარების შემდეგ უანგარო დონორობა გააგრძელონ

„ევექსი“ სისხლის დონორებს სთხოვს, უკრაინელების დახმარების შემდეგ უანგარო დონორობა გააგრძელონ

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების ფონზე, საქართველოს დიდ ქალაქებში სისხლის დონაციის მასშტაბები 7-8-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით,“ევექსი ჰოსპიტლებმა“ სისხლის ცენტრი გახსნა ქუთაისში, სისხლის ასაღები პუნქტები კი აამოქმედა ზუგდიდში, ბათუმში, ქობულეთში, მალე კი ასეთი ცენტრები  თბილისში, ახალციხესა და თელავშიც გაიხსნება.

ქავთარაძის განცხადებით, როგორც ჰოსპიტალური ქსელი, „ევექსი“ სისხლის მწვავე დეფიციტს განიცდის და კლინიკები ფორსმაჟორულ სიტუაციაში არიან, როდესაც სისხლის საჭიროება უჩნდებათ, ამიტომ მნიშვნელოვნად ჩათვალეს ამ მიმართულებით საკუთარი კონტრიბუცია განეხორციელებინათ.

„მეტსაც გეტყვით: ეს არაა კომერციული პროექტი, ახლა დავაარსეთ არაკომეცრიული იურიდიული პირი, რომლის სახელითაც სისხლის ცენტრი  ფუნქციონირებას გააგრძელებს. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეზოლუციას, რომელიც ჯერ კიდევ 50 წლის წინათ იქნა მიღებული და რომლის თანახმად, სისხლი და მისი პროდუქტები არ შეიძლება იყოს ვაჭრობის საგანი.

ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერება, რომ გაღებული სისხლით ისინი მუდმივად იკონტროლებენ თავიანთ ჯანმრთელობას და, მეორეს მხრივ, ამით ისინი ეხმარებიან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მათი სისხლის გარეშე ჯანმრთელობის მდგომარეობა გარდაუვლად გაუუარესდებათ ან შემთხვევა სიკვდილით დამთავრდება,“- განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.

მისი თქმით, პანდემიის დროს დონორების მიმართვიანობა და სისხლის დამზადება შემცირებული იყო, ამიტომ საჭიროებასა და მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსი კიდევ უფრო გაიზარდა. ეკატერინე ქავთარაძის ინფორმაციით, უკრაინის ამბების ფონზე გაიზარდა მომართვიანობა, რაც ძალიან მისასალმებელია – სისხლის ცენტრებში ყველა ასაკის ადამიანები მიდიოდნენ და  სისხლს აბარებდნენ.

„მინდა, ამ ადამიანებს მივმართო: რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენ მოძმე ერს და გთხოვთ, ეს პათოსი შეინარჩუნოთ მშვიდობიან პირობებში, რადგან, როდესაც პაციენტს სისხლი სჭირდება, ეს მისთვის არის ომი სიკვდილთან და ჩვენ, დონორებს, შეგვიძლია, რომ ეს ადამიანები ჩვენი სისხლით ომიდან გამარჯვებულები გამოვიყვანოთ. საომარი მოქმედების დროს მისასალმებელია ადამიანების ასეთი მობილიზება და იმედი მაქვს, ვინც ერთჯერადი აქტით ასეთი გმირული საქციელი ჩაიდინეს, დარჩებიან უანგარო დონორების ბაზაში და გააგრძელებენ დონაციას მომავალშიც,“- განაცხადა „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, აუცილებელია უანგარო დონაციის განხორციელება როგორც ერთჯერადად, ისე რუტინულად და ქვეყანაში სისხლის დონაციის განვითარება უანგარო დონორებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ცხელი ხაზი აამოქმედა, რომლის საშუალებითაც, უკრაინელების დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი ხალხისთვის სისხლი გაიღონ. ამ ეტაპზე 2500-მდე ასეთი განცხადებაა დარეგისტრირებული. ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში სისხლის მარაგების დეფიციტი ამ ეტაპზე არ აქვთ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …