რომელიმე, 10-ათასიანი ქალაქი რომ გაქრეს, წარმოიდგინეთ რამხელა ტრაგედიაა – ასეთ შედარებას აკეთებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპია კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი კახა ჭელიძე საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მასშტაბების დემონსტრირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 11 352 შემთხვევაა დადასტურებული.
კახა ჭელიძის თქმით, ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმ მსხვერპლის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ კოვიდპანდემიის შედეგად მიიღო და სხვების სიცოცხლის გაიაფება თავდაცვითი მექანიზმია.
მისი განცხადებით, დღეში 70-80 ადამიანის გარდაცვალებას მოსახლეობა უკვე შეეჩვია და არაფრად მიაჩნია, თუმცა იგივე დამოკიდებულება არ აქვთ საკუთარი სიცოცხლის მიმართ.
„საკუთარი სიცოცხლე არავისთვის გაიაფებულა. ამაზე უნდა დაფიქრდნენ ადამიანები და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უნდა აიცრან“ – განაცხადა ჭელიძემ.