პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება ძნელი იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს “სიმულაციების ცენტრში” საერთაშორისო კონფერენციაზე – „პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ განაცხადა.
მინისტრმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება იმისთვის, რომ არ ჰქონდეთ საზრუნავი რითი გამოკვებონ შვილები.
“პირველადი ჯანდაცვა არის პირველ რიგში, ოჯახის ექიმი, თერაპევტი, უბნის პედიატრი და ყველაფერი დანარჩენი დაწყებული გადაუდებელი მიმღებიდან და ვიწრო სპეციალობის ექიმებიდან დამთავრებული.
პირველადი ჯანდაცვა არის კარიბჭე ჯანდაცვაში, რომელიც უნდა იყოს ძალიან მყარი და გამართული სისტემურად. პირველადი ჯანდაცვის გუნდს არ უნდა ჰქონდეს საფიქრალი საღამოს რითი გამოკვებონ თავისი შვილები.
ძალიან რთულია მოსთხოვო ექიმს მოტივაცია, შეასრულოს სამი ჩამოთვლილი სტრატეგიული ამოცანა, როცა მისი შემოსავალი არსებულ ოფიციალურ საარსებო მინიმუმს ჩამორჩება და ხშირად სამწუხაროდ ორნიშნა რიცხვებში გამოიხატება.
პირველადმა ჯანდაცვამ უნდა დაიბრუნოს, აღიდგინოს და განავითაროს ის სამი სტატეგიული მიმართულება, რომელიც ასე აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობისათვის. ამ საქმიანობაში ექიმები უნდა იყვნენ წარმატებულები და დაინახონ შრომის შედეგები. ექიმებისთვის მთავარი ღირებულებაა პაციენტების გაუმჯობესებული მდგომარეობა და ამ შრომასა და ბრძოლაში არ უნდა იყვნენ მარტო“, – განაცხადა სერგეენკომ.