პირველადი რგოლის გაძლიერებაში ექიმების ხელფასის გაზრდასაც თუ გაითვალისწინებენ, ეს კარგი იქნება. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობასთან დაკავშირებით, კლინიკა ,,M მედი 22″- ის მთავარი ექიმს, თამარ ჩახუნაშვილს საუბრობს:
„ჩვენს კლინიკაში ძირითადი დატვირთვა მოდის პირველად რგოლზე. არ ვუჩივით არც პაციენტების რაოდენობას და არც მათ აქვთ პრეტენზია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. მაგრამ ექიმებზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა. დაზღვეული გვყავს 4 ათასამდე ბავშვი, რომელთა მომსახურებაზეც გამოყოფილია 8 ათასი ლარი, რაც არ ჰყოფნის 12 პედიატრსა და ათ სპეციალისტს.
ძირითადი კატეგორია პაციენტებისა არიან 2-დან 5 წლამდე ბავშვები, რომლებიც თვეში საშუალოდ ორჯერ მაინც ხდებიან ავად. ჯანმრთელიც რომ იყოს ბავშვი, მაინც აქვს მშობელს უფლება რომ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე მოუყვანოს შვილი ექიმს.
ექიმების საშუალო ხელფასი 300 ლარამდეა, მედიცინის მუშაკი არ უნდა ფიქრობდეს სამსახურში იმაზე, რომ სწრაფად მორჩეს პაციენტების მიღებას და გაიქცეს მეორე სამსახურში, რომ თვეში ჯამში ორივე სამსახურიდან 400 ლარი მაინც გამოუვიდეს. პირველადი რგოლის გაძლიერებაში ექიმების ხელფასის გაზრდაც თუ იგულისხმება, კარგი იქნება.
ჩვენ გვიწევს ხელშეკრულებების გაფორმება ისეთ კლინიკებთან, რომლებსაც ჰყავთ, მაგალითად, კარგი ექოსკოპისტები და სწორედ მათთან ვაგზავნით პაციენტებს ექოსკოპიის საჭიროების შემთხვევაში. რეალობა კი ის გახლავთ, რომ კლინიკა უფინანსებს ამ კვლევებს.
როგორც მოქალაქემ რომ შევაფასო, თუ რამდენად დიდი შვებაა მშობლისთვის უფასო მომსახურების მიღება, რა თქმა უნდა, ნეგატიურს ვერაფერს ვიტყვი. საჭირო აცრები, კონსულტაციები, პირველადი სავალდებულო გამოკვლევები სამ თვემდე, ამ ყველაფერში ადრე პაციენტი ფულს იხდიდა, დღესდღეობით კი ამ მომსახურებაში პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს, რაც, რა თქმა უნდა, მისთვის უდიდესი შეღავათია. პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტებს მაღალი დონის ექიმები ხვდებიან” , – აღნიშნავს თამარ ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის განხორციელებაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი” უწევს კონსულტირებას. რეფორმა С ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმების პარალელურად განხორციელდება.