ბავშვთა და მოზრდილთა მეოთხე სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ოჯახის ექიმი ეკა ხვინგია პირველადი ჯანდაცვის რგოლის დადებით მხარეებზე საუბრობს:
„ოჯახის ექიმის მომსახურება დღეს უფასოა. ანალიზები და კვლევები შედარებით იაფია და ბუნებრივია, მომართვიანობაც, შესაბამისად, დიდია. პირადად მე, პირველადი რგოლის განვითარების მომხრე ვარ, რადგან პაციენტი პირველად ოჯახის ექიმთან უნდა მოვიდეს. ამ უკანასკნელმა უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება მას, სპეციალისტთან კონსულტაცია, თუ გამოკვლევა.
ზოგჯერ მოდიან პაციენტები, რომლებიც პირდაპირ, თავადვე ითხოვენ კონკრეტულ სპეციალისტთან ვიზიტს. ოჯახის ექიმს შეუძლია, პრაქტიკულად, ყველა დაავადებას უმკურნალოს და მართოს ის საწყის ეტაპზე. ამ დროს დაავადება ჯერ კიდევ მარტივი ფორმით არის წარმოდგენილი და მისი მკურნალობა იაფი და ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ეკა ხვინგიამ.
მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც დღეს პირველად ჯანდაცვაშია და რისი მოგვარებაც აუცილებელია, რათა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი:
„პრობლემებია პირველად ჯანდაცვაში. მაგალითად, ამბულატორიების ინფრასტრუქტურა, აღჭურვა, მედპერსონალის ანაზღაურება. ძალიან დაბალი ხელფასი აქვს ოჯახის ექიმს და ამ დროს, დღის განმავლობაში ძალიან ბევრი პაციენტის მიღება უწევს.თუ ამ საკითხებს მიხედავენ, რასაკვირველია, ეს ცვლილებები დადებითად აისახება ჩვენზეც და მომსახურების ხარისხზეც. მოტივაციაც მეტი იქნება“, – მიიჩნევს ეკა ხვინგია.
მედიკოსმა ხაზი გაუსვა კიდევ ერთ საკითხს – პაციენტებისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას:
„პაციენტებს ძალიან დაეხმარება პირველად ჯანდაცვაში, თუნდაც, პირველადი მოხმარების მედიკამენტების ჩართვა. ასევე, წამლების დაფინანსება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისათვის. აღსანიშნავია, რომ ახლახან „ჰუმანითი ჯორჯიამ“ შემოიტანა მედიკამენტები, რომლებიც შედარებით ხემისაწვდომია პაციენტებისთვის და ამიტომ ძირითადად მათ ვიყენებთ“, – აღნიშნა ეკა ხვინგიამ.