მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

#ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში

28 ივნისს, 13:00 საათზე, ძუძუს კიბოს  მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მოთხოვნით  თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსთან (მის: აკ.წერეთლის გამზ #144) აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეებს სურთ ხმა მიაწვდინონ შესაბამის სტრუქტურებს, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ერთი დიაგნოზი, ერთი ქვეყანა, ერთი მიდგომა – სწორედ ამ მიზნით  ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ რეგიონში მცხოვრები ძუძუს  პაციენტების დასახმარებლად  კამპანია #ნუგანგვასხვავებთ დაიწყო.

„თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ – ასეთია მათი ინიციატივა და მიაჩნიათ, რომ  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.

„რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს  მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ,  მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობა,“ – – ნათქვამია ძუძუს კიბოს  მქონე პაციენტების განცხადებაში.

ცნობისათვის, ძუძუს კიბოს მკურნალობის ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:

საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული  მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით)  18  ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება  ხელმისაწვდომი არაა, რაც  დედაქალაქში (თბილისში) მცხოვრებ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს  განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ძუძუს კიბოს დამარცხება და ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მეტასტაზური HER2 დადებითი  ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის  შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის!

პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.

გადადით ლინკზე და პეტიციაზე ხელის მოწერით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა

https://bit.ly/3bfGqOo

#ნუგანგვასხვავებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …