მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დიმიტრი ხუნდაძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება მნიშვნელოვანია
მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება. ეს არის ერთერთი მძლავრი ბერკეტი, რომ სტაციონაულ მომსახურებაზე არ იყოს ზედმეტად გაწეული დანახარჯები.

დიმიტრი ხუნდაძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება მნიშვნელოვანია

ჯანდაცვის სამინისტროსა და  „გლობალ ალიანის“ გამოკითხვამ ,,რა გაწუხებთ?”  პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების აუცილებლობა გამოკვეთა. პრობლემაა სტაციონარების მდგომარეობა, მათზე ტერიტორიული წვდომა და  ექიმების კვალიფიკაცია.

ამ  პრობლემებსა და  ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარჯებისა და მისი დაზოგვის გზებზე გვესაუბრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. 

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის ხარჯები მზარდი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი კი არ აღემატება და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაჩვენებელს.

„ეს მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. ზოგადად, ჯანდაცვის ხარჯები რომ მზარდია, ეს არ არის სიახლე არც ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ხარჯები არის საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან დიდი, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2,6 პროცენტი იხარჯება. მანამდე იყო 2,1%, თუმცა გაზრდილ ბიუჯეტთან ერთად, მისი მოცულობაც გაიზარდა.

საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ამ პროგრამაზე ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 6-7%-ს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის 16-17%“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი აღნიშნავს, რომ ხარჯთეფექტურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა პროგრამა იყოს მეტად მიზნობრივი და ეფექტური.

„ხარჯთეფექტურობა და მეტი მიზნობრიობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ პროგრამა იყოს უფრო მიზნობრივი და მეტად ეფექტური. ჩვენ შევძელით და ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯანდაცვა, დავიწყეთ ზრუნვა, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლები იყოს მაღალ დონეზე. კომიტეტი მუშაობს პოსტდიპლომური განათლების რეფორირებაზე. რამდენიმე შეხვედრა ჩვენ უკვე გვქონდა და უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, წარვადგენთ ამ პროექტს პარლამენტში“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზეც.

„ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება. ეს არის ერთერთი მძლავრი ბერკეტი და ფილტრი იმისა, რომ სტაციონაულ მომსახურებაზე არ იყოს ზედმეტად გაწეული დანახარჯები. აქ ის მომენტია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლში უნდა იყოს მაღალი სანდოობა მოსახლეობის მხრიდან, რათა ისინი დროულად და ხშირად მიმართავდნენ, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის რგოლს, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხშირ შემთხვევაში, სტაციონარული დახმარების საჭიროება არ დადგეს.  სტატისტიკა მიგვანიშნებს, რომ ეს საკითხი საყურადღებოა.

მოსახლეობის 80% მიმართავს სტაციონარს და მხოლოდ 20% – პირველადი ჯანდაცვის რგოლს. არა და, ისევ გამოვიყენებ საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც პირიქითაა, 80% მიმართავს პირველად ჯანდაცვას და მხოლოდ 20%-ის შემთხვევაში ჩნდება საჭიროება, სტაციონარული მომსახურება მიიღოს პაციენტმა.

გამოდის რომ, ხელმისაწვდომობას მივაღწიეთ, მაგრამ საჭიროა ხარისხობრივი მაჩვენებლები და მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება. ამ კუთხით დიდი სამუშაო მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ქართული ჯანდაცვა იქნება მეტად წარმატებული და ხარჯთეფექტური“, – აღნიშნავს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …