უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა პროგრამა აამოქმედა, რომელთა ფარგლებში ფინანსდება ჯანდაცვის ისეთი სერვისები, როგორიცაა იმუნიზაცია, დიალიზი, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და სხვა.
სართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წლის 15 ივლისიდან უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა.
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ვრცელდება 2022 წლის 1 თებერვლის შემდგომ, საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს 3 თვის ვადით, როგორც საცოხვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის.
კერძოდ:
- საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახზე გაიცემა თვეში 300 ლარი.
- საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა ყოველთვიური გასაცემელი, ისევე როგორც იძულებით გადაადგილებული, ქართველი დევნილებისთვის.
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვის-ცენტრს და წარადგინოს უკრაინის მოქალაქის პასპორტი ან უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 1 თებერვლიდან უკრაინიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო, აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდებას უფასოდ უზრუნველყოფს.
კერძოდ:
რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა;
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი. ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგელბში უზრუნველყოფილია ორსულთა ვიზიტიები და კონსულტაციები ექიმებთან; ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა გეგმიური ანალიზი;
კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა, მათ შორის ვაქცინაცია, ბინაზე და სტაციონარში მკურნალობა;
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
დიალიზი;
ტუბერკულოზის და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
იმუნიზაცია, მათ შორის გეგმიური და გადაუდებელი;
ფსიქიკური ჯანმრთელობა;
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა.