ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვების მშობლები ისევ ქუჩაში გავიდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების მიუხედავად, მათ სპეციალური სენსორული აპარატები ამ დრომდე არ მიუღიათ. მათივე თქმით, პრობლემებია ინსულინით მომარაგებაშიც.
ცუდი ამინდის მიუხედავად, მშობლები დღეს მორიგ აქციაზე გამოვიდნენ და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ საავტომობილო მოძრაობაც გადაკეტეს. ისინი სამინისტროს წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ მშობლები შეხვედრაზე მიიწვიეს, რაზეც უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ შეხვედრაზე მისვლაში აზრს ვერ ხედავენ, რადგან მსგავსი შეხვედრები არაერთხელ გაიმართა და შედეგი არ გამოუღია.
2 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ მშობლებს მისცა დაპირება, რომ სენსორულ აპარატებს მათი შვილები ყველაზე გვიან მარტისთვის მიიღებდნენ. მანამდე ამ ვადად იანვარი იყო დასახელებული. თებერვალში მათ მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური შეხვდნენ.
მშობლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ტენდერი უახლოესი 10 დღის განმავლობაში გამოცხადდებოდა.
„თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დაწყებულია ბაზრის კვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და გაფორმდება ხელშეკრულება. შეხვედრას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თამარ მელიქიძე და ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან,“- ნათქვამი იყო სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა, დაპირების მიუხედავად, ბავშვებს დღემდე არ მიუღიათ სპეციალური სენსორული აპარატები, რომლებიც სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა და რომელიც 1300-მდე ბავშვს ჯერ კიდევ იანვარში უნდა მიეღო.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე, სენსორულმა აპარატებმა გლუკომეტრები უნდა ჩაანაცვლოს, რომლითაც სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა დღეში რამდენჯერმე, ჩხვლეტის გზით ხდება. ახალი მოწყობილობა კი 24-საათიანი მონიტორინგის ფუნქციას მარტივად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე ასრულებს.
ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვების მშობლები ასევე ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედებს ინსულინის პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 1300 მდე ბავშვი ინსულინით.
რაც ოპერატიულად არ სრულდება და მუდმივი ინსულინის დეფიციტია.
„ხშირია შემთხვევები, როცა ინსულინის მარაგი მინიმუმამდე დადის და იმისათვის რომ ეყოს ყველა ბენეფიციარს, ერთ ჯერზე ასაღებ სამი თვის ინსულინის რაოდენობა გაიცემა თითო-თითო თვეზე ჩაშლილად. ეს ფაქტი დიდ პრობლემას უქმნის რაიონების ბენეფიციარებს, შედეგად მშობლები მუდმივად ინსულინის ძიებაში არიან,“- აცხადებენ მშობლები.