მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „დაუშვებელია საკეისრო კვეთის ან მისი რომელიმე სახეობის პროპაგანდა“

„დაუშვებელია საკეისრო კვეთის ან მისი რომელიმე სახეობის პროპაგანდა“

დაუშვებელია საკეისრო კვეთის ან მისი რომელიმე სახეობის პროპაგანდა. ამის შესახებ ექიმმა მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ანტენატალური (მშობიარობამდე პერიოდის) მეთვალყურეობის დაბალ დონეზე, რაც საკეისრო კვეთების ზრდას განაპირობებს.

მისი თქმით, იმას, რომ საქართველოში ბევრი ექიმი საკეისროსკენ იხრება, რამდენიმე მიზეზი აქვს.

„რა არის იმის მიზეზი, რომ ექიმი საკეისრო კვეთისკენ იხრება? ეს არის ის, რაც ზრდის საკეისრო კვეთის პროცენტს. ეს შეიძლება იყოს დაბალი კვალიფიკაცია, დაბალი ხარისხის ანტენატალური მეთვალყურეობა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე. ასევე ექიმის დაუცველობა – ექიმი თუ დაუცველი არ იქნება, ის ყოველთვის გადაიხრება საკეისრო კვეთისკენ. საკეისრო კვეთა არაა გამოსავალი. ესაა სამეანო ოპერაცია, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში უნდა გაკეთდეს და არა ყველა შემთხვევაში. ჩვენ დავივიწყეთ სამეანო ოპერაციები – ესაა ვაკუუმ ექსტრაქცია, ნაყოფის ექსტრაქცია, ნაყოფის მობრუნება 36-37 კვირის ვადაზე და ა.შ. გვაქვს უამრავი ოპერაცია, რომლებიც, ქვეყანაში ანტენატალური მოვლის დაბალი დონისა და დაბალი ინფორმირებულობის გამო, დავივიწყეთ, რადგან ექიმი დაუცველია და ამიტომ ის იხრება საკეისრო კვეთისკენ,“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა.

ასევე გამოსავალია სასწავლო პროცესის გაძლიერება. პაატა ჟორჟოლიანის თქმით, უნივერსიტეტებიც და ჯანდაცვის სამინისტრო ამ კუთხით ბევრ ნაბიჯს დგამენ, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი.

ექიმ-გინეკოლოგი ამბობს, რომ დაუშვებელია საკეისრო კვეთის ან რომელიმე მეთოდის პროპაგანდა და იმის ტირაჟირება, რომ ეს მეთოდი უკეთესია, ადვილად გადაიტანება და ა.შ.

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა საკეისროს აქვს თავისი გართულება – ინფექციის, სეფსისის, თრომბოემბოლიზმის და სხვა მაღალი რისკები.

შეგახსენებთ: საქართველოში საკეისრო კვეთების 15% სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნით ტარდება. საკეისროების წილი კი 40%-ს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთერთი მაღალი მაჩვენებელია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …