აქვს თუ არა ადამიანის ორგანიზმზე პოზიტიური გავლენა ნაძვის და ფიჭვის მტვერს – უცნობია და ეს მეცნიერულად შესწავლილი არ არის. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ მთის კურორტებზე – მათ შორის სურამსა და ბაკურიანში – მაისის პერიოდში სასტუმროები დამსვენებლებს „დამტვერვის სეზონის“ ფაქტორით იწვევენ და აცხადებენ, რომ ასეთ დროს ბავშვის ამ კურორტებზე გაყვანა განსაკუთრებით სასარგებლოა.
კულუმბეგოვი კი ამბობს, რომ ამის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ვიცით ის, რომ ალერგიულობის კუთხით არსებული 5-ქულიანი შეფასების სისტემიდან ამ მცენარეების მტვრის მარცვალს ალერგიულობა აქვს ნული. ანუ ამ მცენარეების მტვერი ზიანს არ აყენებს ადამიანს.
ამასთან, ალერგოლოგის თქმით, ცხადია, კარგი ჰაერი სასარგებლოა და რაც უფრო მაღლა მივდივართ ზღვის დონიდან, ოთახის მტვრისა და მსგავსი ალერგენების კონცენტრაცია იკლებს. ამიტომ ეს ცალსახად სასარგებლოა ბავშვისთვის.