მარინე ჩიტაშვილი: დაავადების ადრეული გამოვლინება და დიაგნოსტირება სახელმწიფოსა და პაციენტებისთვის შვება იქნება.ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმირებას იწყებს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებ პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალური თუ მაღალტექნოლოგიურ ჩარევები. ამის მიღწევის გზა კი დაავადებათა პროფილაქტიკაა.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, თუ ჯანდაცვის სამინისტრო პირველად რგოლში ეფექტურად შეძლებს რეფორმის მართვას. ვინაიდან პაციენტების დიდი ნაწილი უკვე შორს წასული დიაგნოზით აკითხავს სამედიცინო დაწესებულებებს და მეტი წილი დატვირთვა სტაციონარზე მოდის.
შესაბამისად, თუ ხელი შეეწყობა დაავადებების ადრეულ გამოვლინებასა და დიაგნოსტირებას, ასევე გეგმურ კვლევებს, ეს შვება იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტებისთვისაც.ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ძველად ნამდვილად კარგად მუშაობდა, მაგრამ ამჟამად, ვფიქრობ, ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.
თუ ჯანდაცვის სამინისტროს სურს ამ რგოლის გაძლიერება, ალბათ მოუწევს ექიმების დიდი რაოდენობის გადამზადება, განსაკუთრებით კი რეგიონებში“,– განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეფასებისას ჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ მკაცრად არის გასამიჯნი უკვე კერძო დაზღვევის მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც არ აქვს სამუშაო და სამედიცინო სერვისის მისაღებ ერთადერთ ალტერნატივად საყოველთაო ჯანდაცვა რჩებათ.
„მაგალითად, მე მაქვს კერძო დაზღვევა და დამსაქმებელი ამაში გარკვეულ თანხას იხდის ყოველწლიურად, ჩემთვის აღარ უნდა გამოყოფდეს სახელმწიფო თანხებს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. მიმაჩნია, რომ რამენაირად უნდა მოხდეს დიფერენცირება“, – მიაჩნია მარინე ჩიტაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება რამდენიმე კვირის წინ მინისტრმა სერგეენკომ დააანონსა. ეს რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად განხორციელდება და მის მიმდინარეობაში სამინისტროს დახმარებას საერთაშორისო საკოსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი გაუწევს“.