დაავადებათა პრევენცია გაცილებით ხარჯთეფექტურია ვიდრე გართულებული სნეულების მკურნალობა. ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმმა, პედიატრ-ალერგოლოგმა მანანა ქაჯაიამ პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმაზე, ასევე, პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მომწონს და მივესალმები ოჯახის და უბნის ექიმის ინსტიტუტს და მის დაგეგმილ გაძლიერებას. პირველად რგოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაავადებათა პრევენციისათვის, რომელიც გაცილებით ხარჯთეფექტურია, ვიდრე გართულებული სნეულების მკურნალობა.
ამ რგოლში დგას ხოლმე კომპეტენციის პრობლემა, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ დღევანდელობას – ეს პრობლემა იყო ადრეც და ახლაც არსებობს“
– მიაჩნია ქაჯაიას.
„მე ვარ მეორეული რგოლის წარმომადგენელი. ანუ როდესაც პაციენტი გაივლის პირველად რგოლს, გართულების შემთხვევაში ამისამართებენ ჩვენთან. ზოგადად, პაციენტი, პირველ რიგში, მიდის უბნის, ოჯახის.
თუ ექიმი ჩათვლის, რომ თავად ვერ გაართმევს თავს, ავადმყოფს სერიოზული პრობლემა აქვს და შესაძლოა გართულებები მოყვეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოდიან ჩვენთან გადმომისამართებული პაციენტები“
– ამბობს მედიკოსი.
„რაც შეეხება მედიკამენტების და სამედიცინო პროცედურების ფასებს, სანამ ქვეყანაში რთული სოციალური ფონი იქნება, ყოველთვის იქნება მათი ხელმისაწვდომობის პრობლემა.
ყველაფერს სახელმწიფო ვერ დაძლევს, რომ ყველა კვლევა დააფინანსოს და ა.შ. არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც უკვე აქვთ შეღავათები და სარგებლობენ ამით.
ძალიან დიდი პრობლემაა, ნამდვილად, თუმცა, ამავე დროს, რთული მოსაგვარებელი. სახელმწიფო ამდენს ვერ გაწვდება, სანამ ცხოვრების დონე არ აიწევს“
– განაცხადა მანანა ქაჯაიამ.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები გაუმჯობესდეს.
კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტები, პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების გარემონტება და სათანადოდ აღიჭურვა. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ექიმების სწრაფი და ეფექტური გადამზადება.