გავიდეთ ნაძვის ხეებთან და ყველა უბანში, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებები ეწყობა. აქ ეთაყვანებიან ადამიანებს, რომ ლამაზად მოაწყვეს ეს ადგილები, იქ კი ჩვენი შვილიშვილები თამაშობენ, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მიკრობიოლოგიურად კარგი ნიადაგია, რომ ვირუსი გაავრცელონ. ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ, ჯობია. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა დევი ტაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყანა ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ყოველდღიური ინფიცირების ციფრები აუცილებლად გაიზრდება და იანვრის ბოლოს და თებერვლის შუა პერიოდამდე მინიმუმ 5-6 ათასამდე ავა.
„გავრცელება ძალიან სწრაფია და მოცვა ძალიან დიდია. ერთადერთი დადებითი რაც აქვს ომიკრონს, ისაა, რომ არ არის ბოროტი ვირუსი და ამის გამო ის არ გამოიწვევს ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს – ყოველ შემთხვევაში ასეთი მონაცემებია მსოფლიოში. ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში ოჯახის ექიმებმა სწორად მართონ ავადმყოფები ბინებზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში და არ მოხდეს ჰოსპიტლების გადატვირთვა,“- განაცხადა დევი ტაბიძემ.
მისივე შეფასებით, ქვეყანა მეექვსე ტალღაზე უკვე გადავიდა, თუმცა წინა ტალღა ჯერ არაა დასრულებული და გადასვლა „რბილია“.
დევი ტაბიძის თქმით, დელტა, ომიკრონი და სეზონური ვირუსები ერთდროულად ვრცელდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია. ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია და იმ რეგულაციების შესრულება, რომლის შესახებაც სპეციალისტები უკვე ორი წელია საუბრობენ.
ამასთან, ექსპერტის განცხადებით, ომიკრონი პანდემიის დასასრული არ იქნება, ერთადერთი დადებითი ისაა, რომ მისმა მაღალმა გავრცელებამ შესაძლოა შექმნას იმუნური ფენა. დევი ტაბიძე ამბობს, რომ ადამიანებმა კოვიდ 19-თან ცხოვრება უნდა ისწავლონ.