კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს.მისი განცხადებით, „მწვანე ბარათების“ ამოქმედება მნიშვნელოვანია. ბიზნესმენმა მიმართვა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
“ევროპის მრავალ ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დასრულდა. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის რომ, მოსახლეობის 80% ზე მეტი არის აცრილი. ამ შედეგის მიღწევა მათ შეძლეს შესაბამისი რეგულაციებით, რაც გულისხმობდა არა ვაქცინირებული მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებას და პირიქით, ვაქცინირებული ანუ ე.წ. მწვანე საშვის მფლობელთათვის შეზღუდვების მოხსნას.
ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციის ზრდის და შესაბამისად, პანდემიის დასრულების. მოვუწოდებ მთავრობას სასწრაფოდ განიხილოს ეს საკითხი და უმოკლეს ვადაში არავაქცინირებული მოსახლეობისთვის შემოღებულ იქნას შემდეგი შეზღუდვები: ვინც არ არის აცრილი ან არ გააჩნია ბოლო 48 საათის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, მათ შეეზღუდებათ უფლება იმგზავრონ მატარებლით, შევიდნენ დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფეების დახურულ სივრცეებში, საკონცერტო და სპორტულ დარბაზებში, კინოსა და თეატრებში, სახელმწუფო დაწესებულებებში.
ასევე ყველა კერძო დაწესებულებას მიეცემა უფლება არ დაუშვას სამუშაო ადგილზე პირი, რომელსაც არ ექნება მწვანე საშვი ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
მეგობრებო, ჩვენ ყველას ერთად გვაკისრია ვალდებულება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ უმოკლეს ვადაში მივიღოდ გადამჭრელი ზომები, რათა გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. თუ ჩვენ არ შემოვიღებთ ზემოხსენებულ შეზღუდვებს, ვერ მივიღებთ აცრის მაღალ მაჩვენებელს, ეს კი ნიშნავს სიკვდილისთვის გავწიროთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე – ჩვენი ბებიები და ბაბუები, მშობლები, დები და ძმები, შვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები.
ამას გარდა ვერ აღდგება ეკონომიკა, არ შემოვა ინვესტიციები, სტუდენტები და მოსწავლეები ვერ დაუბრუნდებიან ნორმალურ სასწავლო პროცესს, ვერ განახლდება მოზარდების სპორტული ცხოვრება და შეჯიბრებები, ამით კი გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ ჩვენს მომავალ თაობას. იმედი მაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაქსიმალურად იაქტიურებს, რომ დაარწმუნოს მთავრობა ზემოხსენებული შეზღუდვების შემოღების ეფექტურობაში. დრო არ ითმენს ბატონებო, საჭიროა სწრაფი მოქმედება!,”-წერს დაუშვილი.