ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სეზონური ინფექციებით დაავადებული ბავშვების მიმართვიანობა მკვეთრადაა გაზრდილი და ამ ეტაპზე კლინიკაში ყველა ადგილი შევსებულია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად ცირკულირებს ბრონხიოლიტი, რომელსაც რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსი იწვევს და განსაკუთრებით საშიში 2 წლამდე ბავშვებშია. ჩხაიძის თქმით, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, რაც კოვიდპანდემიის შედეგია.
„კოვიდის შემდეგ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა შეიქმნა როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. წინა სეზონზე აქტიური იყო ნიღბის ტარება, ბავშვები არ დადიოდნენ სკოლებსა და ბაღებში და დროის ძირითად ნაწილს სახლის გარემოში ატარებდნენ. ამიტომაც შარშანდელი ზამთრის პერიოდში გრიპი მინიმალური იყო,“ – განმარტა ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პრევალირებს რინოვირუსი, რომლის სხვა ვირუსებისგან გარჩევა კლინიკურად რთულია. მას ახასიათებს ცხელება და კატარალური მოვლენების ჩივილები. მცირე ასაკის შემთხვევაში რისკია ის, რომ ბავშვი დამოუკიდებლად სითხეს
ვერ მიიღებს, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია ხდება აუცილებელი.
მაია ჩხაიძის თქმით, რინოვირუსის გარდა, გავრცელებულია სინსიტიალურ რესპირატორული, ადენო და სხვა ვირუსები.
„ძალიან ვართ დატვირთულები, კლინიკაში თავისუფალი ადგილი საერთოდ არაა. უბრალოდ სწრაფად ეწერებიან პაციენტები. მომართვიანობა დღეში 50-60-მდეა გაზრდილი,“ – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, წელს მოსალოდნელია, რომ გრიპის გაზრდილი შემთხვევები იქნება, რადგან ქვეყანაში რეგულაციები მოხსნილია და სამედიცინო დაწესებულებების გარდა, ნიღბის გამოყენება სავალდებულო არსად არ არის.
მაია ჩხაიძის განცხადებით, გრიპზე აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ახლაა, რადგან სრულყოფილი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის აცრის გაკეთების მომენტიდან 4 კვირამდე პერიოდია საჭირო.