მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჩუტყვავილის ვაქცინები არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორს არ აქვს – სპეციალისტების პოზიცია

ჩუტყვავილის ვაქცინები არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორს არ აქვს – სპეციალისტების პოზიცია

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინები არ არის, მათ შორის არც კომერციულ სექტორში. ამის შესახებ პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში განაცხადეს.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, ჩუტყვავილას აცრა ბევრ ქვეყანაში იმუნიზაციის კალენდარში შედის წითელა-წითურა-ყბაყურის აცრასთან ერთად. საქართველოში კი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. ამ კუთხით არც კერძო სექტორი იჩენს ინიციატივას, რადგან ვაქცინების შემოტანა საკმაოდ რისკის შემცველია. კერძოდ, როგორც გოგინავამ jandacva.ge-სთან საუბარში განმარტა, ერთი აცრის შემდეგ აუცილებელია რევაქცინაცია, რათა პირველი აცრის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტის დაქვეითების შემდეგ, ჩუტყვავილათი დაინფიცირება უფროს ასაკში არ მოხდეს, რაც უფრო მომეტებულ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე- მცირეწლოვნობის შემთხვევაში.

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში წითელას აფეთქება მოხდა, მიზეზი ჩავარდნილი ვაქცინაცია იყო. ადამიანების დიდ ნაწილს ზრდასრულ ასაკში არ ჰქონდა ჩატარებული მეორე აცრა, რის გამოც უფროს ასაკში დაემართათ წითელა. ასეთი რისკები არსებობს ჩუტყვავილას შემთხვევაშიც და აქედან გამომდინარე, ჯობს, ბავშვმა გადაიტანოს ეს ინფექცია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში დაემართოს ის, “ – აღნიშნავს გოგინავა, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მომხრეა, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრები იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში შევიდეს, რადგან ამ ინფექციას საკმაოდ სერიოზული გართულებები ახასიათებს, მათ შორის პნევმონიის და ნეიროინფექცია-ენცეფალიტი. თუმცა ინფექციონისტის თქმით, ქართულ რეალობაში, სადაც გეგმიური აცრების გაკეთებაც პრობლემურია, ახალი ვაქცინის დანერგვა სირთულეებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ჩუტყვავილას გავრცელების მაჩვენებელს, ინფექციონისტის თქმით, ის კვლავ მაღალია და გვხვდება შემთხვევები როგორც მცირეწლოივნებში, ისე უფროსი ასაკის ადამიანებში.

ჩუტყვავილას გეგმიურ აცრებში შეტანის მომხრეა ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიც. მისი თქმით, აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილა არაა შეტანილი, რაც გამოსასწორებელია და ჩუტყვავილას ვაქცინაციაც გეგმიურ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აცრებში უნდა ჩაისვას.

„ეს არაა ისეთი დაავადება, რომ რა მოხდა – ბავშვმა გადაიტანოს. თუნდაც ნაწიბურები რატომ უნდა რჩებოდეს ან ცხელება და უზარმაზარი დისკომფრტი რატომ უნდა გადაიტანოს ადამიანმა,“ – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …