მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სამ წელიწადში 10,1 მილიონი ლარი დაიხარჯება – რა წერია ახალ სტრატეგიაში

C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სამ წელიწადში 10,1 მილიონი ლარი დაიხარჯება – რა წერია ახალ სტრატეგიაში

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით,,საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია“ და,,საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა“ დამტკიცდა.

შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხის საერთო მოცულობა 10.1 მლნ ლარს შეადგენს.

სტრატეგიაში ნათქვამია, რომ „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ განხორციელებამდე, საქართველო მიეკუთვნებოდა C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნების ჯგუფს. 2015 წელს ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით, სავარაუდოდ, 150 000 ადამიანი იყო ინფიცირებული (მოზრდილი მოსახლეობის 5,4%), ხოლო B ჰეპატიტის გავრცელება ქვეყნის მთლიანი პოპულაციის 2,9% შეადგენდა.

დოკუმენტში წერია, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია – 2.6 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე, საიდანაც 156,174 აღმოჩნდა anti-HCV დადებითი. 81,184 (84.7%) ადამიანი ჩაერთო C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობაში. მკურნალობის დასრულების შემდეგ 56,722 შემთხვევაში (99%) მიღწეულია განკურნება.

თუმცა,  ელიმინაციის ამოცანების სრულად შესრულებისთვის საჭიროა დამატებითი ძალისხმევა. ახალი სტრატეგია სწორედ ელიმინაციის სამიზნეების სრულად მიღწევის ხელშეწყობიას ემსახურაბა და მოიცავს 2023-2025 წლების პერიოდს.

მიზნის მისღწევად დასახულია სხვადასხვა ღონისძიება, როგორიცაა საგანმანათლებლო მასალების მომზადება, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება, სისხლის უანგარო დონორობის განვითარება, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა სამედიცინო დაწესებულებებში. ტესტირებასა და მკურნალობაზე წვდომის გაზრდა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის, არასამედიცინო დაწესებულებებში (სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონები, აკუპუნქტურის კლინიკები და სხვა) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერა.

დოკუმენტის თანახმად, ასევე დაიწყება საპილოტე პროგრამები B ჰეპატიტით დაავადებულების მკურნალობისა და მოვლის სერვისებთან დაკავშირების მიზნით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მოდელის საფუძველზე.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …