მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბავშვებში სქოლიოზის, მხედველობის და სხვა პრობლემების აღმოჩენა – რა მოვალეობები ეკისრებათ სკოლის ექიმებს

ბავშვებში სქოლიოზის, მხედველობის და სხვა პრობლემების აღმოჩენა – რა მოვალეობები ეკისრებათ სკოლის ექიმებს

განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი და სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესი დამტკიცდა.  ბრძანების თანახმად, სკოლაში უნდა იყვნენ სკოლის ექიმი და სკოლის ექთანი.

სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: „პედიატრია“;  „საოჯახო მედიცინა“; „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“.

გარკვეულ შემთხვევებზე რეაგირების გარდა, ექიმი ვალდებულია, მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს.

ასევე,  საჭირო პერიოდულობით განახორციელოს  სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:  ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები. გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს – ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა, გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლისთვის.

სკოლის სამედიცინო პერსონალის განაწილების პრინციპი განისაზღვრება მოსწავლეთა რაოდენობისა და სასწავლო შენობების მიხედვით.

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა განსაკუთრებით მცირეა, მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში, დასაშვებია სამედიცინო მომსახურების, სანიტარია-ჰიგიენისა და ჯანმრთელობითი განათლების სერვისების მიწოდების ალტერნატიული გზები, როგორიც არის სოფლის ექიმის მომსახურება (თუ მისი ოფისი განთავსებულია იმავე სოფელში, სადაც მდებარეობს სკოლა); აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ტერიტორიული სიახლოვის პრინციპით, შეირჩეს ორი სკოლა, სადაც თითოეულში მოსწავლეთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია და აღნიშნული სკოლების გაერთიანებას მოემსახუროს ერთი ექთანი/ექიმი, რომელიც მორიგეობით განახორციელებს მისთვის ნაკისრ ვალდებულებებს.

რაც შეეხება სამედიცინო კაბინეტს,  მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 კვ.მ-ს. ბრძანებაში მოცემულია იმ მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომლის ქონაც აღნიშნულ კაბინეტში აუცილებელია.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა 2021 წლის მარტში დაამტკიცა. გეგმის თანახმად, მაქსიმუმ 2023 წლისთვის ყველა დიდი სკოლის  90% ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …