საქართველოში ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად დაბალია მოზრდილებთან შედარებით, რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებული მიმდინარეობის შედეგია. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშში სახელწოდებით „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021 “ აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან დღემდე საქართელოში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანს. მათგან, >96 000 ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა, ხოლო 78 000-მა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98,8% შეადგინა.
ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელება 1.8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
6 წლის მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა (5.4% -2015 წელს და 1.8%-2021 წელს).