თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შემდეგ საქართველოში, დახურულ საჯარო სივრცეებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
„შიდა ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა ყველა საჯარო დაწესებულებაში. თუ ადრე ჰაერის დაბინძურების დონე ნორმას 80-ჯერ აღემატებოდა, ახლა, სამასპინძლო, სამედიცინო და სხვა დაწესებულებებში ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა და ამ ეტაპზე ნორმას 15-2-ჯერ აღემატება. 2016-2021 წლების მაჩვენებლებით, ბავშვებში ასთმის და ფიოლტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლების ტენდენცია წამოვიდა, კერძოდ ბავშვებში ასთმის შემთხვევები 25-30 პროცენტით შემცირდა, მოზრდილებში კი 15-16%-ით. მიმდინარეობს მწვავე ინფარქტის შემცირების პროცესი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ თამბაქოს კანონმა გამოიწვია, თუმცა ესაა ერთერთი ფაქტორი. რაც შეეხება სიმსივნეს, ამ მიმართულებით მინიმუმ 5 წელია საჭირო, რომ დავაკვირდეთ სტატისტიკას, კლება 5 წლის შემდეგ უნდა წამოვიდეს,“- განაცხადა ბახტურიძემ და აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შედეგად ბოლო 4 წელიწადში 7 ათასი ადამიანი გადარჩა ნაადრევ სიკვდილს, რაც 70 წლამდე გარდაცვალებას გულისხმობს.
ცნობისთვის: 2017 წელს დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 2018 წლის მაისიდან აქოქმედდა. კანონით აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსება მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე, ასევე „დრაივ თამბაქო“.
2020 წლიდან მოწევა აიკრძალა სტადიონებზე; ხოლო 2022 წლიდან ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. 2022 წლის 16 მაისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება “საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”.