მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ავტოავარიების რაოდენობის შემცირების მიზნით საქართველოში ახალი უწყებათაშორისი კომისია იქმნება

ავტოავარიების რაოდენობის შემცირების მიზნით საქართველოში ახალი უწყებათაშორისი კომისია იქმნება

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია იქმნება, რომელშიც შევლენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე), ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და  განათლების მინისტრების მოადგილეები.

კომისიის წევრები ასევე იქნებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე,  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი და ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კომისიის მიზანია 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის განხორციელება.

კომისიის საქმიანობის მიზნებისთვის და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დებულების თანახმად, კომისიის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების გზით. კომისიის მიზნებს შორის ასევე სახელდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და, საჭიროებისამებრ, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა დასამტკიცებლად.

კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, განიხილოს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წარდგენილი ინიციატივები და, მოწონების შემთხვევაში, მოახდინოს საკითხის ინიცირება საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გასულ წელს საქართველოს გზებზე მომხდარ ავტოავარიებში 449 ადამიანი დაიღუპა. შსს-ს მონაცემებით, შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის ერთერთი ყველაზე ხშირი არის სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, წამყვანი მიზეზი კი შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა.

100 000-ს მაცხოვრებელზე ავარიებში სიკვდილიანობის კუთხით, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ავარიებში

ყოველწლიურად 100 000 ადამიანზე 15 იღუპება.  უარესი პოზიცია რეგიონში აქვთ სომხეთს – 17,  ყაზახეთს, ასევე 17, და რუსეთს – 18.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ავტოავარიებში სიკვდილიანობა 100 000 ადამიანზე 6-5 დაღუპულს არ აღემატება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …