ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისთვის აუცილებელია სტაბილური პერსონალის შექმნა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ახალ პრიორიტეტზე, – პირველადი რგოლის რეფორმაზე, მოსამზადებელი სამუსაოები უკვე მიმდიანრეობს.
რეფორმა გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის გაძლიერებას, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას, ამ რგოლში დასაქმებული მედპერსონალის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მთლიანობაში, ჯანდაცვის სისტემაში ხარჯეფექტურობის მაღალი ხარისხის მიღწევას.
პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის პრევენციული მედიცინა, როცა პაციენტი საწყის ეტაპზევე იგებს დაავადების შესახებ, იწყებს მკურნალობას და იშვიათად გადადის ოპერაციისა თუ სხვა მაღალტექნოლოგიური ჩარევის საჭიროების სტადიაზე.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შეეხება ყველა მოქალაქესა და მედიცინის სფეროში მომუშავე პროფესიონალ მედიკოსს. „აიპრესი“პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული სამსახურის უფროსის, გიორგი სარიშვილის აზრით დაინტერესდა.
გიორგი სარიშვილი პირველადი ჯანდაცვის რგოლს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, ხოლო მისი წარმატებულად მუშაობის გარანტად რგოლში მომუშავე პერსონალი მიაჩნია.
„პირველადი ჯანდაცვა არის გადამწყვეტი, ანუ ყველაზე მთავარი რგოლი მედიცინაში. პირველადი ჯანდაცვა არის მასობრივი, მოიცავს, პრაქტიკულად, მთელ სამედიცინო მეცნიერებას, პრაქტიკული თვალსაზრისით. რგოლის წარმატებისათვის აუცილებელია ძალიან სტაბილური პერსონალის შექმნა და ჩამოყალიბება“, – განაცხადა გიორგი სარიშვილმა.
„სამინისტროს მიმართ მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მექნება. თუნდაც სამი პოლიკლინიკა იყოს თბილისში, რომელიც იქნება სამინისტროს, სახელმწიფოს კუთვნილებაში. დანარჩენს ყველაფერს ეშველება“, – მიიჩნევს გიორგი სარიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტად ახლახანს გამოაცხადა მინისტრმა სერგეენკომ, ხოლო ამ რეფორმის განხორციელებაში სამინისტროს დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.