მიუხედავად იმისა, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ამ ეტაპზე პოლიტიკური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და კონფლიქტი პოლიტიკური თვალსაზრისით „გაყინულად“ ითვლება, არსებობს არაერთი ჰუმანიტარული პროექტი, რომლის ფარგლებშიც მხარეები თანამშრომლობენ და ადამიანებს სასიცოცხლო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
სტატისტიკით, 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 17 მილიონამდე ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო.
2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო აფხაზი იყო 3 595, ოსი კი 2,650.
მითითებულ პერიოდში აფხაზ პაციენტებზე 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ოს პაციენტებზე კი 8 მილიონი.
2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.
აღნიშნული პერიოდის შემდგომი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ კოვიდპანდემიის დროს ამ მიმართულებით ახალი პროგრამების გაჩენამ თანხების ზრდა გამოიწვია.
პანდემიის დროს სახელმწიფომ უზრუნველყო ამცრელი პუნქტის გახსნა ენგურის ხიდზე, იქვე შესაძლებელი იყო სწრაფი ტესტის აღებაც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე აცრის გაკეთება ყველას შეეძლო, მათ შორის გადმოდიოდნენ ეთნიკურად აფხაზები, ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
გადმოსვლისას მათ არანაირის შეფერხება არ ჰქონიათ.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ კოვიდპანდემიის დროს უზრუნველყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ადამიანების მკურნალობა. ამ მიზნით გამოყოფილი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები. პაციენტები მიჰყავდათ ენგურის ხიდამდე, საიდანაც ისინი ენგურზე გადმოჰყავდათ, მათი ნაწილი რუხში მკურნალობდა, ზოგი – თბილისში, ქუთაისში და ა.შ. იგივე პრინციპით ხდებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტების მკურნალობა.
jandacva.ge