არცერთი დაკარგული თითი არ ღირს დღესასწაულად. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. მისი თქმით პიროტექნიკა, რაც უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს და მიმზიდველად იყოს შეფუთული, არ არის სათამაშო.
„ეს არაა ნივთი, რომლსაც მამა მოუტანს შვილებს და მაგიდაზე დაუდევს გასართობად. რაც უნდა უწყინარად გამოიყურებოდეს ის, მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სერიოზული ტრამვები ხდება. ეგრედ წოდებული „ბომბოჩკას“ მტევანში აფეთქებაც კი თითების დაზიანებას იწვევს. მახსენდება ბაკურიანის შემთხვევა, როცა ასაფეთქებელი თოვლში ჩაარჭეს, მაგრამ მაშხალა წაიქცა და ბავშვს მუცელში მოხვდა, რის შემდეგაც მას ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა,“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, შეიძლება ზუსტად მივყვეთ ინსტრუქციას, ჩინურადაც კი წავიკითხოთ ის, მაგრამ პიროტექნიკამ გვიმტყუნოს – მაგალითად, რამდენიმე მაშხალა ჰაერში გავარდეს, მეოთხე გაიჭედოს და მეხუთე ხელში აფეთქდეს. ქაშიბაძის განცხადებით, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მაშხალას არ ამაგრებენ სპეციალურ სამაგრზე. სამაგრის გარდა, ინსტრუქციის თანახმად, აფეთქების ადგილიდან 15 მეტრის სიგრძეზე არ უნდა იყოს ცოცხალი არსება. შესაბამისად, როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ასეთი ტექნიკის აივანზე ან ოთახში გაშვების შემთხვევაში არაა გასაკვირი, რომ ადამიანმა დაზიანება მიიღოს.
„არცერთი დაკარგული თითი არ ღირს ასეთ დღესასწაულად,“ – აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე და მოჰყავს სტატისტიკა, რომლის თანახმად, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებების ძირითადი ნაწილი მარჯვენა ხელის მტევანზე მოდის, ასევე ხშირია თვალების დაზიანება, თითების ამპუტირება, ნაკვეთი ჭრილობები. ტრავმების 60% ბავშვებზე მოდის.
გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ მართალია, კანონი პიროტექნიკის ბავშვზე მიყიდვას კრძალავს, თუმცა მათთვის ეს პროდუქცია მაინც ხელმისაწვდომია. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის რეალიზაცია საერთოდ აკრძალულია. გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ სასურველია, პიროტექნიკა საერთოდ არ გამოვიყენოთ.