მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » არაგადამდები დაავადებები ქვეყანას მშპ-ს 6.2% უჯდება – რა  გეგმა აქვს საქართველოს ამ ტვირთის შესამსუბუქებლად

არაგადამდები დაავადებები ქვეყანას მშპ-ს 6.2% უჯდება – რა  გეგმა აქვს საქართველოს ამ ტვირთის შესამსუბუქებლად

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები განსაკუთრებით საყურადღებოა ჯანმრთელობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენის კუთხით. მათი ჯამური ეკონომიკური ზარალი აღემატება 3 მილიარდ ლარს, რაც ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6.2%-ია.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023 – 2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანახმად, მაღალი არტერიული წნევის მქონე მამაკაცთა 64.2% და ქალების 47.2% არ იტარებს ადეკვატურ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

სტრატეგიის მიხედვით, კვლევების მიხედვით საქართველოში 10-წლიანი 30%-იანი და უფრო მაღალი კარდიოვასკულური რისკი აღენიშნება 40-69 წლის მოსახლეობის 28.8%-ს. ამასთან, სახეზეა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება: მამაკაცებში 10-წლიანი კარდიოვასკულარული რისკი უფრო მაღალია (43.7%), ვიდრე ქალებში (32.5%). მომატებულია არტერიული წნევის პრევალენტობა – 37.7% (მამაკაცებში 38.6% და ქალებში 36.9%). პრობლემას ამწვავებს ის გარემოება, რომ  მაღალი არტერიული წნევის მქონე მამაკაცთა 64.2% და ქალების 47.2% არ იტარებს ადეკვატურ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ კიბოს სკრინინგში მიზნობრივი პოპულაციის დაბალი ჩართულობაა: ძუძუს კიბო – 7-25%, საშვილოსნოს ყელის კიბო – 8-18% და კოლორექტული კიბო – 2-6%.

სტრატეგიის მიზნად სახელდება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობით, სიკვდილიანობითა და შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული მართვადი და თავიდან აცილებადი ტვირთის შემცირება ეროვნულ დონეზე.

აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, 2030 წლისთვის დასახულია შემდეგი სამიზნეები:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;

ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 3%-ით შემცირება;

დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;

ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …