სეზონური ვირუსების შემთხვევები ბევრია, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პაციენტები კარგად იმართებიან და მიმდინარე სეზონზე, ქვეყანაში აღნიშნული ვირუსებით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდის შემცირების ფონზე, რაშიც საქართველო მსოფლიოს ერთერთი ლიდერია, გავრცელდა სხვა რესპირაციული ინფექციები, კერძოდ გრიპის ორი ტიპი, რინო და ადენოვირუსული ინფექცია და განსაკუთრებული სიხშირით – რესპირაციულ-სინსიტიალური ვირუსი.
„ამ ვირუსების გავრცელებამ მოსახლეობაში შიში გამოიწვია. დიახ, შემთხვევები ბევრია, მაგრამ არავითარი პანიკა! სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვირუსები იმართება ძალიან კარგად. არცერთი პაციენტი, ვისაც სჭირდება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, არ რჩება მის გარეშე,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან დაადასტურა, რომ კლინიკები სავსეა და შემთხვევებიც ბევრია, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ასე იყო კოვიდამდე წლებშიც და წელს ქვეყანაში ვირუსების ცირკულაცია ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზეა.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. 2009 წელს, როცა მსოფლიოში ღორის გრიპის პანდემია, საქართველოში კი ეპიდემია იყო, მხოლოდ დადასტურებული შემთხვევების გარდაცვალების ფაქტი 50-ზე მეტი იყო. დღეს არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს. თუმცა ერთეული შემთხვევები იქნება, ეს გარდაუვალია,“- აღნიშნა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა.
თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას ჩვილი და 65 წელს გადაცილებული ადამიანების მიმართ ურჩევს, რომლებშიც გრიპის გართულების განსაკუთრებით მაღალი საფრთხეებია.
მისივე თქმით, საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კარგი მართვით კოვიდი რიგით რესპირაციულ ინფექციად გადააქცია და სხვა ვირუსებთან მიმართებაში გამოსავლის კუთხით განსხვავება პრაქტიკულად აღარ არსებობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, პაციენტები კორონავირუსის ინფექციას აღარ აღიქვამენ როგოც რაღაც განსაკუთრებით საშიშს, რაც არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის უდიდესი მიღწევა.