„არ შეიძლება დაავადებამ არ მოიმატოს“ – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კლინიკურმა ხელმძღვანელმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც „პოლიტიკა და ადამიანის ჯანმრთელობა ერთმანეთს ერკინება და სამწუხაროდ წაგებული გამოდის ადამიანის ჯანმრთელობა.“
ჩხაიძე ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს მსგავსი აქციის ორგანიზატორი – ოპოზიცია თუ ხელისუფლება – როდესაც ადამიანები ქუჩაში ისედაც უნიღბოდ დადიან, ეს რისკებს ზრდის, რისკები კი იზრდება, როდესაც მიტინგზეა საუბარი.
„ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე დაიდო პოლიტიკასთან და პოლიტიკა მაინც სჯობნის, როგორც ჩანს,“- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი აქცია გამართა. 14 ოქტომბერს იგივე ადგილზე აქცია ჰქონდა ოპოზიციასაც.